понедельник, 25 февраля 2013 г.

ექვთიმე თაყაიშვილის ბიგრაფია



დიდი ქართველი მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე და ქართული ეკლესიის მიერ წმიდანად შერაცხული ექვთიმე თაყაიშვილი, გურიის ერთ პატარა სოფელ ლიხაურში, აზნაურ სვიმონ თაყაიშვილის ოჯახში დაიბადა 1863 წლის 5 იანვარს. ჯერ კიდევ სულ პატარას მშობლები დაეღუპა.
სამი წლისამ მარჯვენა ფეხი მოიტეხა, ცუდად შეხორცებული ფეხი საგრძნობლივ დაუმოკლდა და სამუდამო კოჭლად დარჩა. დედმამიშვილებსა და სანათესაოს მისი კოჭლობისა ეუხერხულებოდათ და სტუმრად “გამოჩენა” ერცხვინებოდათ…
ექვთიმე ნიჭიერი და სწავლის მოყვარული ბავშვი იყო. სამაზრო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ იგი ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში ჩაირიცხა და სწავლა ვერცხლის მედალზე დაასრულა. შემდეგ კი პეტერბურგის უნივერსიტეტში ჩააბარა ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე. პეტერბურგიდან ექვთიმე კანდიდატის ხარისხით დაბრუნდა თბილისში.
თბილისში ჩამოსული ექვთიმე აქტიურად ჩაერთო მეცნიერულ, პედაგოგიურ და საზოგადოებრივ მოღვაწეობაში. უმთავრეს მიზნად მან დაისახა მასალების შეკრება საქართველოს ისტორია-არქეოლოგიისათვის. 1889 წელს დააარსა “საქართველოს საეგზარქოსო მუზეუმი”, სადაც თავს უყრიდნენ ძველ საეკლესიო წიგნებს, ხელნაწერებსა და სხვადასხვა ნივთებს. მუშაობდნენ საქართველოს ეკლესიის ისტორიის შედგენაზე.



თავად ექვთიმე წერს :
“საზოგადოების წევრი რომ გავხდი, მივიხედ-მოვიხედე, შევიტყვე, რომ იმ ძვირფას ხელნაწერებს კაცი პატრონი არა ჰყავდა და ძალაუნებურად მოვკიდე ხელი, დავუწყე პატრონობა. მერე თანდათან გამიტაცა, შემიყვარდა და ვიწყე ზრუნვა დაღუპვისაგან მათ გადარჩენაზე. თან ახალ-ახალსაც ვაგროვებდი, შემოწირულით აღარ ვჯერდებოდი. საზოგადოების ხარჯზე შეძენაც დავიწყე. სხვადასხვა კუთხეში მიმოწერა გავაჩაღე, აგენტები გავიჩინე….
საქართველო დავიარე და დავინახე, თუ რა უზარმაზარი მასალაა განწირული დავიწყებისა და ხშირად დაღუპვისთვისაც. პირდაპირ ამიტანა ფანატიკურმა მისწრაფებამ, რაც შეიძლება მეტი მომესწრო, მითუმეტეს, რომ ჩემ თანამედროვეთაგან აღარავინ მისდევდა ამ საქმეს.
რამდენს ვცდილობდი, რას არ ვკიდებდი ხელს, მაგრამ რამდენი რამ მაინც ვერ მოვასწარი!.. არ იყო ხალხი, თითოოროლა კაცის მეტი არ ეკარებოდა ასეთ საქმეს. არ ესმოდათ ამის მნიშვნელობა და გემო!.. რუსთველის გამზირზე სეირნობასა და პოპულარული სტატია-წიგნების კითხვას, ან ლიტერატურულ კამათს იქით აღარ მიდიოდა მათი მონდომება… თითქოს გვყავდა ინტელიგენცია, მაგრამ ნამდვილად და ღრმად ვერავინ ხვდებოდა კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობისა და ადგილობრივ შესწავლის აუცილებლობას”.





 ექვთიმე თაყაიშვილის სახელს უკავშირდება “საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების” დაარსება. ეს საზოგადოება მოგზაურობდა საქართველოს სხვადასხვა მხარეში და აგროვებდა ისტორიულ და არქეოლოგიურ მასალებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მათი მოგზაურობა “სამუსულმანო საქართველოში”. ექსპედიციამ უამრავ მასალას მოუყარა თავი: ეთნოგრაფიულ და საარქივო ნივთებს, ნაქსოვ-ნაქარგებს, ხელნაწერებს. ცალკე კოლექციას შეადგენდა ქართული ეკლესია-მონასტრების კედლებიდან გადმოღებული ფრესკები.
1888 წელს ექვთიმემ შეისწავლა და გამოიკვლია “პარხლის სახარება”. ამას მოჰყვა
შატბერდული “მოქცევაი ქართლისაის” ახლებური წაკითხვა, რკვევა და დათარიღება.
1890 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა ერთად მოუყარა თავი და გამოაქვეყნა “სამი ისტორიული ქრონიკა”, სადაც წარმოდგენილია -”მოქცევაი ქართლისაი”, “სუმბატის ქრონიკა” და “მესხური მატიანე”. ამ გამოცემამ იგი ერთბაშად მაშინდელ დიდ სამამულო მოღვაწეთა გვერდით დააყენა.
ექვთიმეს დღენიადაგი ოცნება იყო სამხრეთ საქართველოს ისტორიულ ძეგლთა საფუძვლიანი აღწერა და შესწავლა. ჯერ, 1902 წელს, ხუროთმოძღვარ სიმონ კლდიაშვილისა და ფოტოგრაფ ალექსანდრე მამუჩაიშვილის თანხლებით, იმოგზაურა და აღწერა ახალციხე-ახალქალაქისა და არტაან-ოლთისის ძეგლები.
მეორე, უფრო სრული საფუძვლიანი ექსპედიცია ექვთიმემ მოაწყო 1907 წელს, ინჟინერ ანატოლი კალგინის, ფრანგი მასწავლებლისა და მოხალისე ფოტოგრაფის, ედუარდ ლიოზენის თანხლებით. მოიარეს კოლა, ოლთისი, ჩანგლი. მაშინ აღწერა ექვთიმემ ბანას დიდებული ტაძარი, ტაოსკარი, დადაშენი, ტახტორკანი, ჯიჯორი, ქუმურლუხი, კალმახი, ვაჩეძორი და მრავალი სხვა ძეგლი, ნაძეგლარი, ნანგრევი და ნამუსრევი.
ექვთიმე თაყაიშვილი იყო ერთ-ერთი აქტიური მებრძოლი საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის, მან ასევე უდიდესი როლი ითამაშა 1918 წელს თბილისის უნივერსიტეტის დაარსებაში.





1921 წლის 25 თებერვალს საქართველო საბჭოთა ხელისუფლებამ დაიპყრო. საქართველოს მთავრობა საზღვარგარეთ გადაიხვეწა და თან წაიღო საბანკო ვალუტა, ისტორიისა და კულტურის სამუზეუმო განძეულობა და ხელნაწერები. მათ მცველად გაჰყვა ექვთიმე თაყაიშვილი თავის მეუღლესთან ერთად. „ძალაუნებურად მომიხდა ემიგრანტობა, რათა არ მოვშორებოდი ჩვენი ერის სასიქადულო კულტურულ საგანძურს, დამეცვა იგი ყოველგვარი საფრთხისაგან“, – წერდა ექვთიმე თაყაიშვილი.
საფრთხე კი მრავალი იყო: ქართული საგანძურის შესყიდვა სურდათ ბრიტანეთისა და ნიუ-იორკის მუზეუმებს, გრაფ ოხოლენსკის ქვრივი სალომე დადიანი კი ამ საგანძურის ერთი ნაწილის მემკვიდრედ ასაღებდა თავს და სასამართლოშიც კი აღძრა საქმე განძის ხელში ჩასაგდებად. მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშისტებმა შეიტყვეს განძის შესახებ და ექვთიმეს ბინაც კი გაჩხრიკეს, მაგრამ ექვთიმე თაყაიშვილის, გრიგოლ ფერაძისა და სხვა ქართველებისა თუ მათი უცხოელი მეგობრების წყალობით ქართველებმა განძი შეინარჩუნეს. ბოლოს კი საფრანგეთის მთავრობამ გამოაცხადა, რომ ქართული საგანძური მას ეკუთვნოდა იმ გადასახადის სანაცვლოდ, რომელიც ქართულმა ემიგრაციამ მატერიალური შეჭირვების გამო ვერ გადაიხადა, მაგრამ ამჯერადაც გამოჩნდნენ კეთილი ადამიანები და განძი მითვისებას გადაურჩა.
ამ დროს კი ასეთი განძის მფლობელი ექვთიმე უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდა. მას და მის მეუღლეს ხშირად პურიც კი არ ჰქონდათ და მათ მეგობრები ინახავდნენ. ექვთიმეს ამ პერიოდში გარდაეცვალა საყვარელი მეუღლე და დიდი მეგობარი ნინო. მარტო დარჩენილი მოხუცი შიმშილის, ყინვისა და ავადმყოფობისაგან ბევრჯერ სიკვდილის პირამდეც მისულა, მაგრამ დაკისრებული მოვალეობისათვის არ უღალატნია. ერთი უმცირესი ნივთიც რომ გაეყიდა, იგი უმდიდრესი კაცი გახდებოდა, მაგრამ არცერთი მისხალი არ მოუკლია ერის საგანძურისათვის. იგი ოცნებობდა იმ დროზე, როცა საქართველოს დაუბრუნებდა თავის საგანძურს.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეიქმნა ის პირობები, როცა შესაძლებელი გახდა ოცნება რეალობად ქცეულიყო. საფრანგეთსა და საბჭოთა კავშირს შორის შედგა მოლაპარაკება, რის შედეგადაც განძი ამერიკულ თვითმფრინავზე დატვირთეს და საქართველოში გადმოგზავნეს მცველების თანხლებით.








თბილისში, აეროპორტში ქართული საზოგადოება ელოდებოდა. ექვთიმეს კი თვითმფრინავიდან ჩასვლა არ უნდოდა, როცა მიზეზი ჰკითხეს მორიდებულად უპასუხა, “ძალიან შელანძღული და დახეული პიჯაკი და ფეხსაცმელი მაცვია და მერიდებაო..”- არადა, ევროპაში მასთან ინახებოდა ქართული ოქრომჭედლობისა და სხვა უამრავი შედევრი, თუნდაც ერთი მათგანი რომ გაეყიდა ფუფუნებაში იცხოვრებდა…
სამშობლოში ერისათვის დამაშვრალი მოღვაწე პატივით მიიღეს, აღადგინეს თბილისის უნივერსიტეტში პროფესორად, აირჩიეს აკადემიის წევრად. მაგრამ დიდხანს არ გასტანა ექვთიმეს სიხარულმა. საბჭოთა ხელისუფლებამ ბრძოლა გამოუცხადა – გაათავისუფლეს საქართველოს ისტორიის პროფესორის თანამდებობიდან, დაუპატიმრეს შვილობილი, რომელთან ერთადაც ცხოვრობდა, თანამშრომლებს აუკრძალეს მასთან მისვლა.






აი, ასე, ყველასაგან მიტოვებული გარდაიცვალა 1953 წლის 21 თებერვალს ერის საგანძურის მცველი, საქართველოსთვის დამაშვრალი მოღვაწე ექვთიმე თაყაიშვილი. მისი ნეშტი მცირერიცხოვანმა პროცესიამ მიაცილა ვაკის სასაფლაომდე.
დაბადებიდან 100 წლის თავზე ექვთიმე თაყაიშვილის ნეშტი დიდუბის პანთეონში გადაასვენეს.
საქართველოს ეკლესიამ კი იგი წმინდანთა დასში შერაცხა და უწოდა წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი.









ექვთიმე თაყაიშვილის სახლი



ექვთიმე თაიყაიშვილის სასაფლაო







воскресенье, 24 февраля 2013 г.

ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ (გიმნაზიის წლები)



1876 წელს ექვთიმეს ძმამ ნიკომ შვებულება აიღო და ლიხაურში ჩავიდა. იგი ქუთაისში,სამხედრო სასწავლო რაზმში ,,უჩებნაია კომანდაში” მსახურობდა… ექვთიმე ატეხილა – ,,ქუთაისში წამიყვანე,ლათინურში წავიმეცადინებ და გიმნაზიაში მოვეწყობიო..” ნიკომ ძმა წაიყვანა 1876 წლის ძლიერ ცივ ზამთრის დღს. მოხუცი ექვთიმე გულისტკივილით იხსენებდა ,,არავის გახსენებია ჩემთვის საზამთრო ტანისამოსის დამზადება”.. ექვთიმეს მხოლოდ წალების და პარუსინის ბლუზა სცმია. ორი დღის შემდეგ ჩაუღწევიათ ,,ტროიკით” ქუთაისში. პატარა ექვთიმეს ყაზარმაში მიუჩინეს ადგილი. აქვე იკვებებოდა და უკვირდათ სხვებს ,რომ მუდამ წიგნს კითხულობდა. ეს შეუმჩნევია ,,კომანდის” უფროსსაც. შესცოდებია ყმაწვილი და ნება დაურთავს ყაზარმაში დარჩენაზე. მაშინ ქუთაისში იმყოფებოდნენ იოსებ და კოწია თაყაიშვილები; მათი დახმარებით ექვთიმე ქუთაისის ერთ–ერთ შეძლებულ ოჯახს აუყვანია რეპეტიტორად.
ქუთაისში ექვთიმესთან დადიოდნენ ბიძაშვილი ერმილე ნაკაშიძე, რომელიც აგრეთვე ემზადებოდა გიმნაზიაში შესასვლელად და მისი ნათესავი ლათინურში კარგი მოწაფე – მოსე კალანდარიშვილი. ერმილეს შუამდგომლობით და ხარჯით ექვთიმე მოსესთან უნდა მომზადებულიყო იანვრიდან 15 ივნისამდე, მაგრამ მალე არდადეგები დაიწყო. მოსე და ერმილე მაკვანეთში წასულან. ექვთიმეც იქ უნდა ჩასულიყო ლიხაურიდან,მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო (მისი ძმა ვარლამი სტუმრობდათ,რომელსაც ქართული აღარ ახსოვდა,ხოლო მამიდა მაკასთან რუსული არავინ იცოდა, ექვთიმე მთარგმნელობდა). აგვისტოს დამლევს ვარლამი პეტერბურგს გაემგზავრა. ექვთიმემ გამოცდების წინა დღეებში წაიმეცადინა ლათინურში. ლათინურის გამო ექვთიმე მიიღეს პროგიმნაზიის II და არა III კლასში და ისევ წინააღმდეგობა – სწავლის ნახევარი წლის, 6 მანეთი შეიქმნა გადასახდელი – ექვთიმე ატირებული მისულა დიასახლისთან: ,, მესამე კლასში მწადდა შესვლა და ვერ შევედი, II მოვხვდი და იქიდანაც დამითხოვეს – სწავლის ფული ვერ შემაქვსო”… გულკეთილ დიასახლისს გაუხსნია დანაზოგების ყულაბა და შიგ 6 მანეთზე მეთი ძველი და ახალი ქართული და რუსული ლითონის ფულები აღმოჩენილა. ექვთიმეს მიუტანია იგი ინსპექტორისათვის,რომელიც განცვიფრებულა– სად იშოვე ნუმიზმატიკის ეს კოლექციაო!…
,,ამგვარად, ნასესხები ფულის წყალობით დავიწყე პროგიმნაზიაში სიარული. შევეცოდე ინსპექტორს, ობლობისა და სიღარიბის ცნობა მიმატანინა, სწავლის გადასახადიდან გამათავისუფლა და რადგან პანსიონში ადგილი აღარ იყო,სანაცვლოდ 8 მანეთი დამინიშნა ყოველთვიურად”…
პროგიმნაზიში ექვთიმეს სახელი გაუთქვია, როგორც ბეჯით მოწაფეს. 35 მოწაფიდან IV კლასი მხოლოდ რვას დაუმთავრებია. 1879 წელს ე.თაყაიშვილი V კლასში ჩაირიცხა.
ქუთაისში ექვთიმე მოხვდა ოზურგეთელ თანაკლასელ ნიკო მართან,რომლის ,,უჩვეულო ნიჭიერებასა და დიდი მომავალს” მასწავლებლები ერთხმად აღიარებდნენ.
ახალ დირექტორს შეკითხვები მიუცია შეგირდისთვის პასუხის მოსმენის შემდეგ ხმამაღლა განუცხადებია ,,да такайвший украшение класса!”.. 
ქუთაისში ეზიარა ექვთიმე მაშინდელ თანადროულობას. იგი იხსენებს: ,,აქაურმა თეატრმა თბილისიდან ჩამოსული მსახიობებით აიდგა ფეხი. ვასო აბაშიძე,კოტე მესხი,ლადო მესხიშვილი და სხვები აქ მართავდნენ სპექტაკლებს აკაკი წერეთლის რეჟისორობით და ჩვენ გიმნაზიელები – დავდიოდით თეატრში.
ექვთიმე თაყაიშვილი და ნიკო მარი თანამოაზრენი იყვნენ. მათ გადაწყვეტილი ჰქონდათ,პეტერბურგში ისეთი ფაკულტეტი შეერჩიათ,რომელიც ,,უფრო იყო საჭირო საქართველოსთვის”…
ექვთიმე თაყაიშვილმა 1883 წელს ქუთაისის გიმნაზია ვერცხლის მედალზე დაამთავრა. წარჩინებული დიპლომის მფლობელს ეკუთვნოდა კავკასიის სასწავლო ოლქის სტიპენდია და მოსკოვის უნივერსიტეტში აგზავნიდნენ… მაგრამ ექვთიმეს სწავლის გაგრძელება პეტერბურგში სურდა ,რადგან ისტორიას იქ უკეთ ასწავლიდნენ, თან დიდი სურვილი ჰქონდა დასწრებოდა აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის ლექციებს.
გიმნაზიის დირექტორის ა.სტოიანოვის შუამდგომლობით ექვთიმე თავისი სტიპენდიით პეტერბურგში ხვდება.
1883წ. სექტემბერში ექვთიმე ჩაირიცხა პეტერბურგის ისტორიულ–ფილოლოგიურ ფაკულტეტზე, მას სულ ჰქონდა 700 მანეთი და სტიპენდია. ეს თანხა უნდა გამოეზოგა მას სტუდენტობის წლებში და სამსახურის ჯამაგირამდე.!
ექვთიმე პეტერბურგში გაემგზავრა თანაგიმნაზიელ ვანო გურულთან ერთად. ეს უკანასკნელი უზრუნველყოფილი იყო ხარჯებით, თუმცა ერთი კურსის გავლას 2 წელი ანდომებდა,რაც შეეხება ექვთიმეს იგი წარმატებით გადადიოდა კურსიდან კურსზე, ვერც არდადეგებზე ჩამოდიოდა სამშობლოში, მხოლოდ ერთი ზაფხული გაუტარებია თბილისში.
მეორე კურსზე იყო ექვთიმე,როცა 1884 წ. ნიკო მარი მოეწყო აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე. სიყრმის მეგობრები, მართალია ერთ ფაკულტეტზე არ იყვნენ,მაგრამ ერთად აღამებდნენ ბიბლიოთეკაში, იკრიბებოდნენ ნიკო მარის ბინაზე და იმეორებდნენ დადებულ პირობას – უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე ჩამოსულიყვნენ საქართველოში და ემსახურონ მშობელ ხალხს.!!
ლიხაურელი ახალგაზრდისთვის რუსეთის იმპერიის სატახტო ქალაქში ცხოვრება ბევრს ნიშნავდა, ექვთიმე იხსენებდა: ”მე იმთავითვე უსათუოდ მინდოდა პეტერბურგის უნივერსიტეტში შესვლა, რადგან პეტერბურგი უფრო ევროპული ქალაქი იყო, ვიდრე მაგალითად, მოსკოვი.” აქ მიიღო აკადემიური განათლება, გაეცნო ჩვენ დიდ მამულიშვილებს – ი. ჭაჭავაძეს, ვაჟა–ფშაველას…
პეტერბურგის სახელმწიფო ისტორიულ არქივში დაცულია სტუდენტ ექვთიმე თაყაიშვილის პირადი საქმე, რომელშიც დევს განცხადებები პეტერბურგში ცხოვრების ნებართვისა და საზაფხულო არდადეგებზე პავლოვსკში, ერთხელ თბილისში და ერთხელაც სხვაგან საზაფხულო არდადეგების დროს გასვლის შესახებ.
1887 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა წარმატებით ჩააბარა სახელმწიფო გამოცდები, იმავე წელს , ზაფხულში კანდიდატის ხარისხი დაიმსახურა.
ექვთიმე წერს: ,,კანდიდატის ხარისხი რომ მოეცათ, ყველა საგანში ხუთიანი უნდა მიგეღო სახელმწიფო გამოცდებზე.” მან წარმატებით შეისრულა მიზანი.
ნ. მარი პეტერბურგში დარჩა. მან ერთი წლის შემდეგ დაასრულა სწავლა, თბილისში გადმოსვლას რომ აპირებდა, თაყაიშვილმა მისწერა: ”ფეხი არ მოიცვალო პეტერბურგიდან, შენი ადგილი მინდაა, აქ მე დამიპირეს გაფუჭება, და შენ სიფიცხეს უფრო არ აიტანო!..”
მოგვიანებით ექვთიმე თავის სიყრმის დროინდელ მეგობარზე სიამაყით წერს: ” ნიკო მართლა მსოფლიო მნიშვნელობის მეცნიერად გამოიზარდა და გააცნო საზღვარგარეთს ქართველი ერის კულტურა, რასაც, რაღა თქმა უნდა, თბილისში მოღვაწეობით ნაკლებად შეძლებდა…”

საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი - კინომოთხრობა




ქართველი ხალხის შენამოქმედი უცხო მიწაზეც არაერთხელ ქცეულა ღირსსახსოვრად მოვლენად.
  დღეს ,,გრანპალედ" წოდებული პარიზის დიდი სასახლეა ჩვენი მაპინძელი.
  ,,ოქროს ვერძის ქვეყნის - საქართველოს სიძველენი", - ამჯერად ასეთი სათაურითაა მონათლული ,,გრანპალეს" საგამოფენო აფიშა...
  გამოფენის მომწყობი მადამ გაბორი სტუმრებს აცნობს ქართული კულტურის როლს მსოფლიო კულტურის დიდ საგანძურში.
 ქალბატონი გაბორიც იმეორებს უცხოეთის მეცნიერთა შორის უკვე საყოველთაოდ დამკვიდრებულ აზრს, რომ დასავლეთ ევროპისა თუ მახლობელი აღმოსავლეთის შუა საუკუნეების ხელოვნების სრულყოფილი განხილვა შეუძლებელია ქართული ხელოვნების შესწავლის გარეშე. და ბოლოს, გამოფენის დიასახლისი სტუმრებს უყვება გასაოცარ და ხიფათიან თავგადასავალს, - ქართული საგანძურს რომ გადახდა ნახევარი საუკუნის წინ ფრანგულ მიწაზე, იმ საგანძურს, ახლა რომ ასე მშვიდობიანად ეწვია პარიზს.

ბათუმი. 
1921 წელი.

საქართველოს იმდროინდელმა ლტოლვილმა მთავრობამ გადაქყვიტა უცხოეთში გახიზნულიყო და სახელმწიფო ხაზინასთან ერთად თან წაეღო სამუზეუმო ეროვნული განძიც.
  ეროვნული განძის მეთვალყურედ დაინიშნა ექვთიმე თაყაიშვილი, სახელმწიფო ხაზინის გამყოლად კი - ყფილი ფინანსთა მინისტრი იოსებ ელიგულაშვილი.
  თბილისიდან ჯერ ქუთიასში და მერე ბათუმში რის ვაივაგლახით ჩამოტანილი განძი საფრანგეთის კრეისერ ,,ერნესტ რენანზე" დაბინავდა , მაგრამ კაპიტანმა პირობა დაარღვია, დანიშნულ დროზე ადრე ასწია ღუზა, განძია გამცილებლებს არ დაელოდა და კონსტანტინოპოლისკენ გაეშურა.
  ნავსადგურში მისულმა ექვთიმე თაყაიშვილმა თვალი ძლივს მოჰკრა უკვე შუა ზღვაში გასულ გემს...  კატერით გამოეკიდნენ კრეისერს, მაგრამ ამაოდ.ისევ ნაპირზე დაბრუნდენ და მოგვიანებით იუგოსლავური პატარა გემით გაემგზავრნენ კრეისერის კვალდაკვალ. მალე ისეთი ღელვა დაიწყო, რომ კაპიტანმა გემის გადაღცენის იმედი დაკარგა და მგზავრებს გამოუცხადა, “მაშველი ფრთები” შეიბითო. ექვთიმეს წუხილი გაათმაგდა; ამ ღელვაში განძი ხომ საფრთხეშია და ვაითუ მგზავრობას ვერ გაუძლოს ნინომაც, -ექვთიმეს მეუღლემ, თან რომ მიჰყავს ახლა უცხოეთში. ღელვა დღენახევარს გაგრძელდა. ბოლოს დაცხრა და დამშვიდდა ყოველი… კრეისერი “ერნესტ რენანი” სტამბოლში დახვდათ, მაგრამ კავკასიაში საფრანგეთის უზენაესი კომისარის – აბელ შევალიეს – განკარგულებით ქართული განძი კრეისერიდან მეორე ფრანგულ სამხედრო-სატრასპორტო გემზე “ბეინ პოაზე” გადაიტანეს. დიდ ბედნიერებად თვლის ექვთიმე, რომ მას მეუღლითურთ და იოსებ ელიგულაშვილის განძთან ერთად მგზავრობის ნება დართეს. “ბიენ ჰოა” საფრანგეთამდე გზას დიდ დროს მოანდომებს; – დავალება რთული აქვს: – მრავალი ნავსადგური უნდა მოიაროს, საფრანგეთისა თუ მისი მოკავშირეების დაჭრილი ჯარისკაცები და ავადმყოფები მოაგროვოს მარსელის ლაზარეთებში ჩასაყვანად… მატარებლითა და გემებით თვენახევრის ნახეტიალებმა საუნჯემ ბოლოს მარსელის ნავსადგურს მიაღწია. განძი გემიდან ბანკში გადაიზიდა – “ენეგალის პოლკად” წოდებული სამხედრო რაზმით ალყაშემორტყმული და დაცული… ექვთიმე მეუღლითურთ პარიზს გაემართა.
  პირველი წელი ექვთიმემ ვიქტორ ჰიუგოს პროსპეკტზე იმ შენობაში გაატარა, რომელსაც ქართული დელეგაციის ოტელსაც ეძახდნენ.პირველივე დღიდან, დღეჩაუგდებლად შეუდგა ექვთიმე თავისი ცხოვრების ფრანგული პერიოდის მოღვაწეობას. ხვდებოდა ფრანგ მეცნიერსბსა და ანტიკვარებს, ხშირად აღამებდა პარიზის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში...
  ექვთიმეს პარიზის არცერთი ტაძარი და მუზეუმი არ დაუტოვებია უნახავი და შეუსწავლელი. პირველი 13 წელი მშვიდობიან წლებად ითვლება, მაგრამ ამ პერიოდში ბევრი საფრთხე და ცდუნებაც გაჩნდა განძთან დაკავშირებით. ამერიკიდან ფილადელფიის საერთაშორისო გამოფენამ თხოვნით მიმართა ემიგრანტულ მთავრობას , რომ ნება დაერთოთ 6 თვით გამოეფინათ ამერიკაში ქართული სიძველენი. ალბათ ამიერკავკასიელებისთვის მოულოდნელი იყო ქართველების უარი ასეთ თითქოსდა სახარბიელ წინადადებაზე. ქართული განძის გამოფენის უფლებას თხოულობდა ლუვრიც (პარიზის მთავარი სახელმწიფო მუზეუმი). დიდად საამაყო იქნებოდა მსფლიო მუზეუმთა შორის უპირველეს მუზეუმში ქართული ხელოვნების ნიმუშების საერთაშორისო გამომზეურება, მაგრამ ამით შეიძლება საქართველოს საბოლოოდ დაჰკარგვოდა თავისი საუნჯე.და ლუვრმაც საბოლოოდ უარი მიიღო ქართველებისგან... ბრიტანეთის  მუზეუმმა პარიზში გამოგზავნა ცნობილი ქართველოლოგი უილიამ ალენი. მუზეუმის თხოვნა თითქოს მოკრძალებული იყო და მაცდუნებელიც. მუზეუმს სურდა ახალგორის განძიდან ერთი რომელიმე ნივთის შესყიდვა. სანაცვლოდ პირობას იძლეოდნენ,  რომ უსასყიდლოდ დასტამბავდნენ მთელი ჩვენი საუნჯის   ფერად კატალოგებს და, გარდა ამისა, ბანკში მიბარებული გაძის შესანახ თანხასაც თავად გადაიხდიდნენ. ბრიტანეთის მუზეუმის დესპანი ალენიც უარით იქნა ლინდონში გასტუმრებული. ახალგორის განძი - ჩვენს წელთაღრიცხვამდე  შექმნილი საოცრება ჩვენი საუნჯის მშვენებად ითვლება დღესაც. ეს განძიც , ჯერ კიდევ საქართველოში, ექვთიმე თაყაიშვილმა გადაარჩინა. ის შემთხვევით აღმაჩინეს გლეხებმა ქსნის ხეობაში, ერთმანეთში დაინაწილეს და ზგი რამ გაყიდეს სხვადასხვა მხარეში.პირადად ექვთიემს დაუღალავი ძიების წყალობით მოხერხდა ამ გაძის თავიდან მიკვლევა, შეგროვება, გამოსყიდვა და კავკასიის მუზეუმისთვის გადაცემა.
  პარიზიდან ექვთიმე სოფელ ლევილში გადასახლდა. ამ სფელში შეიძინა ქართულმა კოლონიამ ,,შატოდ" წოდებული შენობა და მცირე მამული. მალე ლევილის კერამ საკუთარი, ქართული სასაფლაოც გაიჩინა. ყველაზე დიდი ცდუნება გაჩნდა ყველა სხვა ცდუნებაზე ადრე, როცა პარიზში ჩამოვიდა ნიუ - იორკის მეტროპოლიტენ - მუზეუმის დირეკტორი, ამ განძში მეტად დიდ თანხას იძლეოდა,  თუ ქართველები ჩვენ ტიხრულ მინანქრებს მისყიდიდნენ მუზეუმს...
  დირექტორს უყოყმანოდ ეთქვა უარი...
  ლაღობს პარიზში - ცდუნებით სავსე ქალაქი. ამ უსასრულო დღესასწაულის შემხედვარე, სიდუხჭირეში ცხოვრობს ლტოლვილი კაცი, რომელსაც ერთ დღეში შეუძლია გახდეს უმდიდრესი ადამიანი. იმ ხნათ საფრანგეთის ნუმიზმატთა   (ძველი ისტორიული მონეტების ლითონის ფულის კლექციონერი) საზოგადოების დიპლომირებულ წევრს უძვირფასესი ნუმიზმატიკური კოლექცია აქვ  ს, რაც მის პირად საკუთრებას შეადგენს. საკმარისია სულ რამდენიმე ისტორიულ მონეტას შეელიოს , ერთბაშად გახდეს დიდი თანხის მფლბელი. დაიწყება უზრუნველი ყოფა და მისი მშვენიერი ნინოც ღირსეულად ეზიარება გაფაქიზებულ ცხოვრებას. ვინ გაამტყუნებს? მაგრამ მას წმინდანობის მოწამებრივი გზიდან გადახვევა არ შეუძლია. მას ურჩევნია დილდილობით ისევ აძოვებდეს თავის მარჩენალ ფრანგულ თხას, რომლის რძე მისთვის და ნინოსთვის არაერთხელ ყოფილა ერთადერთი საკვები მთელი დღის განმავლბაში.

1932 წელი 

,,ჩემო ძვირფასო, რაღა მოგწერო! გონებით მინდა დავმშვიდდე, მაგრამ გული არ მემრჩილება, ნინო აღარ მყავს!...
-სწერდა ექვთიმე თაყაიშვილი პარიზიდან თბილისში მეგობარს.
  1933 წელი.  ქართული ლეგაცია გაუქმდა, - საქართველოს ყოფილი მთავრობა არრსებულად გამოცხადდა. ოცდათოთხმეტი წლის მარტი. ქართულ საუნჯეს იმ დღს დაემუქრა უდიდესი საფრთხე.
  ცნობილი ქართველი მოჭადრაკის ანდრია დადიანის ძმას, ,,მინგრელსკით" წოდებულ სამეგრელს მთავარს, ნიკო დადიანს, ვაჟის გარდა ასულიც დარჩა , - სალომე დადიანი - ობოლენსკინა.
  ემიგრაციაში მყოფმა სალმე დადინმა, იმ ხნად უკვე ობოლენსკის ქვრივმა, სარჩელი შეიტანა სენის დეპარტამენტის სასამართლოში. ის მოითხოვდა საფრანგეთში გადატანილი ქართული საუჯის იმ ნაწილს, რომელიც ერთ დროს მისი საგვარეულო განძი იყო.

 ქართველებმა სასამართლოში წარადგინეს დამფუძნებელი კრების 1920 წლის დეკრეტი,  რომლის ძალითაც თავად ნიკოლოზ მინგრელსკის მოძრავი და უძრავი ქონება საქართველოს რესპუბლიკის საკუთრებად გამოცხადდა. ამდენად. სალომე ობოლენსკაია ახლა თხოულობდა იმას, რაც უკვე ეროვნულ სამუზეუმო განძად იქცა.
  ობოლენსკაიას მიერ ამ პროცესის მოგება ნიშნავდა საქართველოს ეროვნული განძის მნიშვნელოვანი ნაწილის საბოლოოდ დაკარგვას. ექვთიმეს და სხვა ქართველთა სასიხარულოდ სასამართლომ იურიდიულ საბუთად  ცნო ოცი წლის დეკრეტი და სალომე დადიანს უარი ეთქვა ... მაგრამ სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა. ამ საზჩივარმა ფრანგებს გაახსენა მარსელში მიბარებული განძი, რომლის შენახვის თანხა გადაუხდელი  აღმოჩნდა და სასამართლომ ქართულ განძეულს ყადაღა დაადო. საუნჯით დატვირთული ყუთები 
მარსელიდან პარიზში-საფრანგეთის ბანკს ჩაბარდა... რადგან ეს განძი ბანკში საქართველოს იმ მთავრობის სახელზე იყო შეტანილი, რომელიც არარსებულად გამოცხადდა, ქართული საუნჯე რუსეთის ყოფილი იმპერიის საკუთრებად იქნა მიჩნეული - და მისი გამგებლობა დაეკისრა ფრანგ მოხელეს პიერ ჟოდონს, რომელსაც უკვე ებარა რუსეთის ე.წ. "უპატრონო ქონება"                                     
  დაიწყო განძისთვის ბრძოლის ახალი და ურთულესი ჟამი. საჭირო იყო, რომ ექვთიმეს ჰქონდა რაიმე სახის რწმუნება, თუნდაც ფორმალური. 1935 წლის აპრილში მისი თხოვნით საქართველოს ყოფილმა მთავრობამ მიიღო დადგენილება:"ბატონ ექვთიმე თაყაიშვილს უფლება აქვს მიიღოს ის ზომები, რომელსაც საჭიროდ დაინახავს ამ ქონების დასაცავად, ხოლო მის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე თვითონ იქნება სრული პასუხისმგებელი აღნიშნული ქონების მეპატრონეთა და საქართველოს წინაშე ".
  დაიწყო ექვთიმეს კარდაკარ სიარული თხოვნებითა და განცხადებებით. იცვლებოდნენ საფრანგეთის მთავრობები და იცვლებოდნენ ექვთიმეს განცხადებათა ადრესატებიც...
 წერილებს გზავნის საქართველოში, იღხავს საქართველოს ჩარევას და სუამდგომლობას. საქართველოდანაც ყველა ღონეს ხმარობენ დახმარებისთვის, მაგრამ განძის გადარჩენას პირი არ უჩანს. ამ დროს ჰიტლერიზმი უკვე მზადდებოდა ევროპაში და მალე კიდეც დაიძრა ცეცხლით და მახვილით. საფრანგეთის რესპუბლიკა იძულებულია ომი გამოუცხადოს გერმანიას. იტალია ომს უცხადებს საფრანგეთს. პარიზი დღე-დღეზე ელის გერმანელთა შემოჭრას. დარღვეულია ყოველგვარი სულიერი წონასწორობა და ამ ამღვრეულ დღეებში ერთი ლტოლვილი ხეიბარი მოხუცი ნარშეუხრელად განაგრძობს თავის მოწამებრივ ცხოვრებას - ეძიებს და პოულობს ქართულ ისტორიულ ნივთებს, თავად მოშიერ-მწყურვალი რის ვაი-ვაგლახით ახერხებს მათ შეძენას ანტიკვარებისაგან, ემიგრანტი თანამემამულეებისაგან და ამდიდრებს ეროვნულ საუნჯეს, რომლის სამშობლოში დაბრულების იმედი დღითიდღე ილევა და იწურება. ჰიტლერები მოითხოვენ ქართულ განძს გერმანიაში გასატანად. ჟოდონი არწმუნებს მათ, რომ მან არ იცის განზის ადგილსამყოფელი. გერმანელები დახვრეტით ემუქრებიან ჟოდონს. ქართველებთან უკვე დამეგობრებული შესანიშნავი ფრანგი მოქალაქე პიერ ჟოდონის სახელით საიდუმლოდ უკავშირდება ექვთიმე თაყაიშვილს და ატყობინებს, რომ ის ნივტები მხოლოდ საქარტველოსთვის სეიძლება იყოს მნიშვნელოვანი და რომ ისინი სხვათათვის არავითარ ზოგად ფასეულობას არ წარმოადგენენ.და ბოლოს ჟადონისა და ქართველების მიერ დიდად სარისკო გადაწყვეტილება იქნა მიღებული: ოკუპირებულ პარიზში ბანკიდან ჩუმად გამოიტანონ ქართული საუნჯე და საბარგო ეტლით წაიღონ ვერსალში.
  საკმარისი იყო გზად გერმანელთა პატრულები დაინტერესებულიყვნენ საბარგო ეტლის ტვირთოთ, საქართველოს სამუდამოდ დაეკარგებოდა მისი საგანძური და ჟოდონსაც დახვრეტა არ ასცდებოდა.აი აქ ვერსალის ნაციონალური ბიბლიოთეკის სარდაფში ჩაზიდეს ყუთები და ქვაღორღიანი ნაგავი მიაყარეს ... 
  გერმანელები განაგრძობდნენ ქართული საგანძურის ძებნას, მაგრამ არცერთ ქართველს არ გაუცია საიდუმლო...
  1994 წლის 19 აგვისტოს პარიზში იფეთქა აჯაყებამ. ამ აჯაყებაში არაერთი ქართველი იღებდა მონაწილეობას...
 საფრანგეთსა და საბჭოთა კავშირ შორის აღდგდ დიპლომატიური ურთიერთობა და პარიზში აღდგა საბჭოთა საელჩო. შარლ დე გოლი 1994 წლის 23 ნოემბერს განკარგულებას გასცემს ქართული განძეულის საქართველოში დაბრუნების შესახებ..  მალე ექვთიმესთან ერთად განძს ჩაიბარებენ თბილისიდან მივლინებული პეტრე შარია , შალვა ამირანაშვილი და პარიზის აეროდრომიდან აფრინდება ქართული საუნჯით დატვირთული ორი თვითმფრინავი...
  განძს მცველად გაჰყვებიან ყოფილი ტყვეები - თეიმურას შავდია და ნიკოლოზ მელაძე.
  აღსრულდა !
  უკან დარჩა შვიდგზიანი გზა - შორი და მოვლითი : რომი , ბენგაზი, ქაირო და თეირანი. თვითმფრინავი მალე თბილისის აეროდრომზე დაეშვება. პარიზში გამოფრენის წინ, ყველას ისეთი შთაბეჭდილება შეექმნა, რომ ექვთიმე სამშობლოში დაბრუნებას აღარ აპირებდა... იფიქრეს, იქნებ ნინოს საფლავის მიტოვება ეძნელებოდა, ანდა ის რომ ღრმად მოხუცებლს პირველად მოუხდა თვითმფრინავით მგზავრობა ?!
 ბოლოს ექვთიმე გაუბედავად გამოტყდა : -  ,, წარსდგა მშიერი და ვერა ტიტველიო "
და მაშინღა მიხვდნენ , რომ ძველისძველ სამოსშემოფლეთილ მეცნიერს ეთაკილებოდა საქართველოში ასე გლახაკივით ჩამოსვლა. 
  გერმანელებისგან გაძარცვულ პარიზში შესაფერისი სამოსი ვერ უშოვეს და მხოლოდ გზად - ქაიროში - შეუკვეთეს ტანსაცმელი ...


                                                                                              გაზეთი ,,ქართული ფილმი "
                                                                                                                           
                                                                                                                          1993 წ.
                                                                                                     
                      

ექვთიმე თაყაიშვილის ხსენების დღე !





წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი.



ექვთიმე თაყაიშვილი. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ექვთიმე თაყაიშვილის პირადი არქივის განახლებული კატალოგის გამოცემას გეგმავს. "მოამბის" სიუჟეტი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.


რეზო თაბუკაშილი - ექვთიმე თაყაიშვილი !!!


пятница, 22 февраля 2013 г.

წმიდა ექვთიმე ღვთისკაცის (თაყაიშვილი) ღვაწლი საქართველოს ეკლესიის წინაშე.





საქართველოს ეკლესიის წინაშე
ცათამობაძავი ივერიის მეჭურჭლეთუხუცესი
„სულ იმას ვშიშობდი ყოველ ნაბიჯზე, აი, ეს არ დაიკარგოს, აი, ეს არ წახდეს მეთქი“
2002 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა წმიდანად შერაცხა ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწე და მეცნიერი ექვთიმე თაყაიშვილი და მას სახელად წმიდა ექვთიმე ღვთისკაცი უწოდა. განუზომელია ამ ადამიანის ღვაწლი ქართველი ერისა და ღვთის წინაშე. მის სახელს უკავშირდება არა მარტო თავდადებული სამეცნიერო და საზოგადოებრივი მოღვაწეობა, არამედ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სიწმიდეების, ჩვენი საგანძურის გადარჩენა.
2003 წლის მაისში წმიდა ექვთიმე ღვთისკაცის სახელთან დაკავშირებული კიდევ ერთი სასიხარულო ფაქტი მოხდა: თბილისში გაიხსნა მისი სახლ-მუზეუმი და სამლოცველო.
XIX საუკუნის 80-იან წლებში წმიდა ექვთიმე ღვთისკაცის საზოგადოებრივ ასპარეზზე გასვლის დროს, ავტოკეფალია წართმეულ საქართველოს ეკლესიას რუსეთის კოლონიური პოლიტიკის გამტარებელი რუსი ეგზარქოსები მართავდნენ. მათი ხელშეწყობით უპატრონოდ მიტოვებულ ეკლესია-მონასტრებში დაცული საეკლესიო სიწმინდეები და უძველესი ქართული ხელნაწერები ნადგურდებოდა. სავალალო მდგომარეობაში იყო აგრეთვე მოქმედ ეკლესია-მონასტრებში დაცული სიძველეებიც. ეგზარქოს ევსევი ილინსკის (1857-1877) განკარგულებით, მოქმედ ეკლესია-მონასტრებში დაცული წიგნები, რომელთაც ღვთისმსახურების დროს მღვდლები იყენებდნენ, მაგრამ როგორც თვითონ აღნიშნავდა, წაკითხვის დროს „ბორძიკობდნენ“, უნდა შეეგროვებინათ და თბილისში ჩამოეტანათ. იგივე ეგზარქოსის მითითებით, 1876 წლის 30 ივნისის საქართველო-იმერეთის სინოდიალურმა კანტორამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის ძალით, ზემოთაღნიშნულ წიგნებთან ერთად უნდა შეკრებილიყო ეკლესია-მონასტრებში დაცული სხვა დოკუმენტები და საეკლესიო ნივთები და ისინი თბილისის სასულიერო სემინარიის ბიბლიოთეკაში უნდა განეთავსებინათ. აღნიშნული გადაწყვეტილების წინააღმდეგ იმდროინდელმა ქართულმა საზოგადოებამ და სასულიერო პირების ნაწილმა აღიმაღლა ხმა. გამოითქვა არცთუ უსაფუძვლო ეჭვი, რომ თბილისში არსებულ საგანძურს შესაძლებელია, საფრთხე დამუქრებოდა. მართალია ქართველი საზოგადოების დიდი წინააღმდეგობის გამო საქართველო-იმერეთის სინოდიალური კანტორის აღნიშნული გადაწყვეტილება ბოლომდე ვერ განხორციელდა, მაგრან თბილისის სასულიერო სემინარიის ბიბლიოთეკაში ხელნაწერთა დიდი ნაწილი მაინც განთავსდა. ეგზარქოს ევსევის მითითებით, აღნიშნული ხელნაწერები სემინარიის ეზოში ცეცხლს მისცეს. 1884 წელს ეგზარქოს პავლეს გადაწყვეტილებით სემინარიის ბიბლიოთეკის გამგეს ი.მ.გოტინსკის დაევალა, გადაერჩია წიგნები და „საეჭვო შინაარსის ქართული ხელნაწერები“ გაენადგურებინა. აღნიშნული დავალება სისრულეში მოიყვანეს. ამ ხელნაწერთაგან კ.ცინცაძემ დაწვას გადაარჩინა ერთი წიგნი, რომელიც „სვანური მრავალთავის“ სახელითაა ცნობილი.
ცალკეულმა ენთუზიასტმა პირებმა განადგურების პირას არსებულ საეკლესიო სიძველეებზე ზრუნვა დაიწყეს, მაგრამ XIX საუკუნის 70-იან წლების ბოლომდე ჩვენში არ არსებობდა ისეთი დაწესებულება, რომელიც მათ მოღვაწეობას ორგანიზებულ ხასიათს მისცემდა. სწორედ ასეთ ვითარებაში გამოდის საზოგადოებრივ ასპარეზზე პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის კურსდამთავრებული წმიდა ექვთიმე ღვთისკაცი, რომელმაც ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს დაისახა მიზნად ქართულ სიძველეებზე ზრუნვა. მოგვიანებით წმიდა ექვთიმე ღვთისკაცი თავისი საქმიანობის შესახებ გულისტკივილით წერდა: „საქართველო დავიარე და დავინახე, თუ რა უზარმაზარი მასალაა განწირული დავიწყებისა და დაღუპვისათვის. პირდაპირ ამიტანა ფანატიურმა მისწრაფებამ, რაც შეიძლება მეტი მომესწრო, მით უმეტეს, რომ ჩემს თანამედროვეთაგან აღარავინ მისდევდა ამ საქმეს. სულ მას ვშიშობდი ყოველ ნაბიჯზე, აი, ეს არ დაიკარგოს, აი, ეს არ წახდეს მეთქი. ვცდილობდი, ყველაფერი ამეწერა, გადმომეღო, ჩამეხატა, რაც შეიძლება მეტი გამომეკვლია, შემეძინა, შემომეწირებინა, არაფერი დამეკარგოს მეთქი“.
დასახული მიზნის განხორციელებას წმიდა ექვითმე ღვთისკაცი სამშობლოში დაბრუნებისთანავე შეუდგა. იგი ცნობილ ისტორიკოსს დ.ბაქრაძეს გვერდში ამოუდგა და აქტიურ დახმარებას უწევდა. მან ჯერ კიდევ XIX საუკუნის 70-იან წლებში აქტიური ბრძოლა დაიწყო საეკლესიო მუზეუმის დაარსებისათვის. წმიდა ექვთიმე ღვთისკაცის არქივში ინახება ფართო საზოგადოებისათვის დღემდე უცნობი მცირე მოცულობის ნაშრომი, რომელიც თბილისში საეკლესიო მუზეუმის დაარსებას ეხება. აღნიშნული ნაშრომიდან ირკვევა, რომ დ.ბაქრაძეს სიძველეების მოძიებით დაინტერესებული ახალგაზრდა მკვლევარი აქტიურად დაუსაქმებია. მისი მითითებით წმ. ექვთიმე ღვთისკაცს ქართულად უთარგმნია რუსეთის სინოდის მიერ დამტკიცებული მუზეუმის წესდება, მასვე წესდების ქართული და რუსული ტექსტები პრესაში გამოუქვეყნებია. 1889 წლის 17 თებერვალს საეკლესიო მუზეუმის ხელმძღვანელთა ინიციატივით მცხეთაში გასვლითი ექსპედიცია მოეწყო. აქ ლ.ბაქრაძესა და ნ.კალისტოვთან ერთად წმიდა ექვთიმე ღვთისკაციც მონაწილეობდა. ეს არა მარტო საეკლესიო მუზეუმის პირველი ექსპედიცია იყო, არამედ წმიდა ექვთიმე ღვთისკაცის პირველი მონაწილეობაც – საეკლესიო სიძველეების მოძიებაში. მართალია, ექსპედიციის წევრებს სვეტიცხოვლის ერთ დროს მდიდარი ბიბლიოთეკა გაძარცვული დახვდათ, მაგრამ სამთავროს, შიომღვიმის, ჯვრის მონასტრებში დაცულ ხელნაწერებს თავი მოუყარეს. მათვე მოსახლეობისაგან შეაგროვეს ძვირფასი სიგელ-გუჯრები და მცხეთიდან 58 ხელნაწერი და 50 სიგელ-გუჯარი ჩამოიტანეს. ყოველივე სათანადო ოქმის გაფორმებით საეკლესიო მუზეუმის მცველს თ.ჟორდანიას ჩააბარეს. იმდროინდელმა ქართულმა პრესამ ფართოდ გააშუქა ექსპედიციის მუშაობის შედეგები. აღნიშნული ექსპედიციის მიერ მოძიებულმა მასალამ საფუძველი ჩაუყარა საეკლესიო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილებას. დ.ბაქრაძის გარდაცვალების შემდეგ (1890 წ.) თ.ჟორდანიასთან კონფლიქტის გამო წმიდა ექვთიმე ღვთისკაცი საეკლესიო მუზეუმს ჩამოშორდა, მაგრამ ხელი როდი აუღია საეკლესიო სიძველეების მოვლა-პატრონობაზე. ჯერ კიდევ 1888 წელს წმიდა ექვთიმე ღვთისკაცმა შეისწავლა იტრიის, ზემო ჭალის და ახლო მდებარე ეკლესია-მონასტრების სიძველეები. მან მღვდელ სუხიაშვილის ოჯახში მიაკვლია 973 წლით დათარიღებულ „პარხალის სახარებას“, რომლის შესწავლით მან დაადგინა, რომ „შატბერდის კრებული“ რომელსაც ადრე IX საუკუნით ათარიღებდნენ, X საუკუნეშია შედგენილი.
საეკლესიო მუზეუმიდან წამოსვლის შემდეგ წმიდა ექვთიმე ღვთისკაცი „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში“ თანამშრომლობს, ექსპედიციის დროს მოძიებულ მასალებს კი აღნიშნული დაწესებულების ხელნაწერთა განყოფილებას სწირავს.
XIX საუკუნის 90-იანი და XX საუკუნის 10-იან წლებში წმიდა ექვთიმე ღვთისკაცი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში აქტიურ საარქეოლოგო ექსპედიციებს აწყობს. მან ფეხით მოიარა გურია, სამეგრელო, ქართლი, კახეთი, აღწერა და აზომა უამრავი ეკლესია-მონასტერი, შეაგროვა უნიკალური ეპიგრაფიული მასალა, დაღუპვას გადაარჩინა მრავალი ძველი ქართული ხელნაწერი და საეკლესიო სიძველე. ცალკე აღნიშვნის ღირსია მისი ხელმძღვანელობით 1902-1907-1917 წლებში სამხრეთ საქართველოში მოწყობილი ექსპედიციები. აღნიშნული ექსპედიციის გამოქვეყნებული მასალების    ღირებულება ქართულ ისტორიოგრაფიაში სათანადოდაა შეფასებული.
ექვთიმე თაყაიშვილი ხობის მონასტრის ბერებთან ერთად. 1913 წელი1907 წელს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების დაარსების შემდეგ წმიდა ექვთიმე ღვთისკაცმა ქართველი საზოგადოების მოწინავე ნაწილი შემოიკრიბა. მათ შორის ქართველი სამღვდელოებაც. საზოგადოების დამფუძნებელ წევრებს შორის იყვნენ ქართველი სასულიერო პირები – მღვდლები: პოლიევექტოს და ვასილ კარბელაშვილები, ამბროსი ხელაია, კალისტრატე ცინცაძე, კ.კეკელიძე და სხვები. საზოგადოების ნამდვილ წევრებად აირჩიეს ეპისკოპოსები: ალექსანდრე და ლეონიდე ოქროპირიძეები, კირიონ საძაგლიშვილი, პეტრე კონჭოშვილი, დავით კაჭახიძე, არიქმანდრიტები: დოსითეოს ბერძენიშვილი და პიროს ოქროპირიძე, შემდგომ მათ მიემატა დეკანოზი ნიკიტა თალაკვაძე და მღვდელი ილია შუბლაძე. ახლადდაარსებულ საზოგადოებაში საერო პირებთან ერთად სასულიერო მოღვაწეობის ჩართვით წმიდა ექვთიმე ღვთისკაცს სურდა, რომ საზოგადოების სხვადასხვა სოციალური წრის წარმომადგენლებს ერთობლივად ეზრუნათ საეკლესიო სიძველეების გადარჩენისათვის.
ქართველი სასულიერო პირები აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ წმიდა ექვთიმე ღვთისკაცის ხელმძღვანელობით დაარსებულ საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების მუშაობაში. ხშირად ისინი საზოგადოების კრებებზე მოხსენებითაც გამოდიოდნენ. 1908 წელს ასეთი მოხსენებით გამოსულა პ.კარბელაშვილი, რომელმაც საზოგადოების წევრებს გააცნო მის მიერ მოძიებული დოკუმენტები „ამილახვარიანთ გვარის სიგელ-გუჯარები“. ამავე სხდომაზე მოხსენება გაუკეთებია წმიდა ამბროსი აღმსარებელს (ხელაიას) – „ქართლის მოქცევის ახალი ვარიანტი“. აღნიშნული მოხსენებები წმიდა ექვთიმემ „ძველი საქართველოს“ ერთ-ერთ ტომში გამოაქვეყნა.
საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების მოღვაწეობას დიდად აფასებდა წმიდა მღვდელმოწამე კირიონ II (საძაგლიშვილი), რომელსაც ხელნაწერები და ნაბეჭდი წიგნების მდიდარი კოლექცია შესწირა. მანვე ამ საზოგადოებას გადასცა ნუმიზმატიკური მასალა, 2700-ზე მეტი სახეობის მონეტა, არქეოლოგიური ნივთები, ფოტო-ალბომები და სხვა. საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებამ გაწეული დიდი ყურადღების გამო 1913 წელს წმიდა კირიონი მის საპატიო წევრად აირჩია.
თავის მხრივ, წმიდა ექვთიმე ღვთისკაცი მაღალ შეფასებას აძლევდა წმიდა ეპისკოპოს კირიონის მეცნიერულ მოღვაწეობას და მის თავდადებას სამშობლოსა და ერის საკეთილდღეოდ. წმიდა ექვთიმემ 1907 წელს გამოცემული „ძველი საქართველოს“ I ტომში წმიდა კირიონ ეპისკოპოსის მიერ სხვადასხვა წლებში შეკრებილი ლექსიკური მასალა დაბეჭდა. აღსანიშნავია, რომ წმიდა კირიონის ლექსიკონში ისეთი სიტყვებია თავმოყრილი, რომელიც სულხან-საბა ორბელიანს და დავით ჩუბინაშვილს ნახსენებიც არ აქვთ. დღემდე წმიდა მღვდელმოწამე კირიონის აღნიშნული შრომა კექსიკოლოგთა მიერ სათანადოდ შესწავლილი არაა.
წმიდა ექვთიმეს ახლო ურთიერთობა ჰქონდა და დიდად აფასებდა ქართველ სასულიერო პირებს: წმიდა ეპისკოპოს ალექსანდრე ოქროპირიძეს, კალისტრატე ცინცაძეს, ძმებს ვ. და პ. კარბელაშვილებს, უცხოეთში მოღვაწე კათოლიკე მღვდელს მიქელ თამარაშვილს და სხვებს. მან „ძველი საქართველოს“ ფურცლებზე გამოაქვეყნა წმინდა ალექსანდრე ოქროპირიძისა და მიქელ თამარაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ნეკროლოგი. წმიდა ექვთიმეს ხელშეწყობით, მღვდელმა ვ.კარბელაშვილმა ზ.ფალიაშვილთან ერთად 1903 წელს სვანეთში ჩაიწერა ძველი ქართული სიმღერა გადმოცემები. ცალკე აღნიშვნის ღირსია წმიდა ექვთიმეს დიდი პატივისცემა წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის მიმართ. იგი თავის მოგონებებში დიდი სიყვარულით იხსენიებს მის ძმას – მღვდელსა და პედაგოგს სიმონ ქიქოძეს, რომელმაც ღვთისმოშიშობასთან ერთად მას სამშობლოს სიყვარული და ცოდნის დაუოკებელი შეძენის სურვილი შთაუნერგა. წმიდა ექვთიმე ღვთისკაცი თვალყურს ადევნებდა წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის საქმიანობას და აღფრთოვანებული იყო მისი მოღვაწეობით. 1896 წლის 10 მარტს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის დასაფლავებაზე ქუთაისში ექვთიმე ილია მართალთან (ჭავჭავაძე) ერთად ჩავიდა, რომ არა ექვთიმე ღვთისკაცის აქტიურობა ისტორიას არ შემორჩებოდა წმიდა ილია მართლის უბრწყინვალესი სიტყვა განსვენებულ წმიდა გაბრიელის მიმართ.
წმიდა ექვთიმე ღვთისკაცმა დიდი ამაგი დასდო ეკლესია-მონასტრებში განადგურების პირას მისული, შემორჩენილი ფრესკების გადმოღებას. 1912 წლიდან 1917 წლამდე მან 73 ფრესკის პირი გადმოიღო და მუზეუმს გადასცა. მას გულს უკლავდა დანგრევის პირას მისული მონასტრების მდგომარეობა. VI საუკუნის ჯვრის მონასტერს უყურადღებობის გამო დანგრევის საფრთხე ემუქრებოდა. გაზეთის ფურცლებზე წმიდა ექვთიმემ მოწოდებით მიმართა ქართველ ერს: „ყველამ გამოვიღოთ წვლილი, დიდმა თუ პატარამ, ერმა თუ ბერმა, განათლებულმა თუ გაუნათლებელმა, გვეყოფა ამდენი გულგრილობა ჩვენი ძვირფასი ნაშთებისადმი. მომავალი თაობა არ გვაპატიებს თუ ეს ძეგლი ჩვენს თვალწინ დაინგრა“. წმიდა ექვთიმე ღვთისკაცის მოწოდებამ შედეგი გამოიღო, შეკრებილი თანხით ჯვრის მონასტერი შეკეთდა და დანგრევას გადაურჩა.
წმიდა ექვთიმე ღვთისკაცი არა მარტო საეკლესიო სიძველეების გადარჩენაზე ზრუნავდა, არამედ ძველი ქართული ხელნაწერების გამოცემასაც ახერხებდა. 1891 წელს მან წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დახმარებით გამოაქვეყნა „ახალი ვარიანტი წმიდა ნინოს ცხოვრებისა ანუ მეორე ნაწილი ქართლის მოქცევისა“. ამავე წიგნში შესულია ეფრემ მცირის „უწყებაი მიზეზთა ქართლის მოქცევისა თუ რომელ წიგნსა შინა მოიხსენიების“. 1895 წელს წმიდა ექვთიმემ კომენტარებით გამოსცა „სიბრძნე ბალავარისა“ ამავე წელს მისივე რედაქტორობით გამოვიდა XVIII საუკუნის ხელნაწერის მიხედვით „კათოლიკოს-ბაქარიანი მღვდელ იესე ტლაშაძისა, მოთხრობა ლექსად“ მანვე „საქართველოს სიძველეების“ სამივე ტომში დიდი ადგილი დაუთმო საქართველოს ეკლესიის წყაროებს. აღნიშნული მასალების გამოქვეყნებით ექვთიმე თაყაიშვილმა მნიშვნელოვნად გაამდიდრა საქართველოს ეკლესიის ისტორიის წყაროთმცოდნეობის ბაზა.
წმიდა ექვთიმემ დიდი ღვაწლი დასდო რუსეთის უწმიდესი სინოდის მარწუხებში მოქცეული საქართველოს ეკლესიის უფლებების დაცვას. იგი მართებულად აღნიშნავდა, რომ ეკლესია-მონასტრების გაპარტახება და იქ დაცული სიწმიდეების განადგურება საქართველოში ცარიზმის მიერ განხორციელებული რეაქციული საეკლესიო პოლიტიკის შედეგი იყო. წმიდა ექვთიმე სხვა ქართველ მოღვაწეებთან ერთად აქტიურად ჩაება ავტოკეფალისტთა მოძრაობაში. იგი მონაწილეობდა ყველა იმ სხდომაში, რომელზეც მოწინავე ქართველი საგოზადოება სამღვდელოებასთან ერთად ავტოკეფალიის საკითხებს იხილავდა. ამ საკითხთან დაკავშირებით წმიდა ექვთიმემ საინტერესო მოგონებები დაგვიტოვა, რომ არა მისი მოგონებები, უცნობი დარჩებოდა, ილია ჭავჭავაძის როლი ავტოკეფალისტთა მოძრაობაში. ცნობილია, რომ წმიდა ილია მართალი ხელისუფლების მაღალ ინსტანციებში წარსადგენი ავტოკეფალიის მოთხოვნის დოკუმენტების შედგენისას კონსულტაციებს კალისტრატე ცინცაძისა და წმიდა ექვთიმე ღვთისკაცისაგან იღებდა.
წმიდა ექვთიმე დიდი სიხარულით შეხვდა 1917 წლის 12 (25) მარტს მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გამოცხდებას. იგი ამ დიდი ისტორიული აქტის მონაწილე იყო. მისი თხოვნით ცნობილმა „მოხეტიალე მომღერალმა“ ილიკო ქურხულმა ავტოკეფალიის აღდგენის დღეს რამდენიმე ფოტო გადაიღო.
ახლადაღდგენილი ეკელსიის მესვეურთა სურვილი იყო წმიდა ექვთიმე საკათალიკოსო საბჭოს წევრად აერჩიათ, მაგრამ მან მოუცლელობის გამო უარი განაცხადა, ამის მიუხედავად იგი აქტიურად თანამშრომლობდა საქართველოს საკათალიკოსოსთან და დიდ დახმარებას უწევდა მათ სხვადასხვა საკითხის გადაწყვეტაში.
წმიდა ექვთიმე, როგორც ეროვნულ-დემოკრატი, ეკლესიის სახელმწიფოსგან გამოყოფის მომხრე იყო, მაგრამ მკაცრად ილაშქრებდა სოციალ-დემოკრატიული მთავრობის პოლიტიკის წინააღმდეგ, როცა ამ საკითხის გადაწყვეტას ისინი ანტისარწმუნოებრივი პროპაგანდის ფონზე ახდენდნენ.
დამოუკიდბელობის გამოცხადების შემდეგ ქვეყნის ეკონომიკურმა სიდუხჭირემ ეკლესიაც მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა. ამას თან დაერთო ისიც, რომ აგრარული საკითხის გადაწყვეტის დროს დემოკრატიულმა მთავრობამ ეკლესიას არა თუ არ დაუბრუნა ის საეკლესიო მიწები და ქონება, რომელიც მან ავტოკეფალიის გაუქმების დროს დაკარგა, არამედ სახელმწიფოს მფლობელობაში გადავიდა ის მცირე საეკლესიო მიწებიც, რომელიც მას ეგზარქოსობის დროს ჰქონდა. მატერიალურ სახსარს მოკლებული სამღვდელოება სიდუხჭირეში ჩავარდა. უპატრონოდ მიტოვებულ საეკლესიო სიძველეებს ავაზაკები და უცხო გადამთიელები ისაკუთრებდნენ. საკათალიკოსო საბჭომ არაერთხელ მიმართა მთავრობას ეკლესიის ქონების დასაცავად დარაჯები დაენიშნათ, მაგრამ უფულობის მომიზეზებით მათ სასულიერო პირთა მოთხოვნას უარით უპასუხეს.
უმწეო მდგომარეობაში მყოფ სასულიერო პირებს ერთადერთ იმედად წმიდა ექვთიმე მიაჩნდათ, რომელიც იმ დროს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სიით საკანონმდებლო ორგანოს წევრი და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გახლდათ. 1919 წლის დასაწყისში საქართველო კათალიკოსი ლეონიდე თხოვნით მიმართავს წმიდა ექვთიმეს: „ჩემი საყვარელი სამშობლო და მასთან ერთად ეკლესიაც დიდ განსაცდელშია, ვისაც სამშობლოსადმი და მისი ეკლესიისადმი სიყვარული უღვივის, მოვალეა იფიქროს მის ბედ-იღბალზე. მე მწამს, რომ ეკლესიის მოსპობას, როგორც ლოგიკური აუცილებლობა, მოსდევს ერის მოსპობაც. მინდა მშობლიური ეკლესიისა და მაშასადამე, ერის წინაშე ჩემი მოქალაქეობრივი მოვალეობა მოვიხადო. მეც რამე ვიფიქრო, რომ კეთილგონიერ მოქალაქეთა დახმარებით და კარნახით რამე გზას დავადგე. ამ განზრახვით მოვიწადინე საპატიო მოღვაწეთა მოწვევა, რათა მათთან ერთად მოვისაზროთ, თუ რით დავეხმაროთ ჩვენ საყვარელ სამშობლოს დღეს უფსკრულის წინ აღმართულს“.
წმიდა ექვთიმე დიდი გულისყურით მოეკიდა პატრიარქის მოწოდებას და პრაქტიკული ნაბიჯები გადადგა ეკლესიის დასახმარებლად. იგი ახლოს ეცნობოდა ბერ-მონაზონთა მდგომარეობას და მთავრობის წინაშე არაერთხელ დააყენა საკითხი მათი მატერიალური პირობების გაუმჯობესებისათვის. წმიდა ექვთიმეს, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, დახმარებისათვის ხშირად მატერიალურ სახსარს მოკლებული ბერ-მონაზვნებიც მიმართავდნენ. 1920 წლის 27 მარტს ბეთანიის მონასტრის მღვდელ-მონაზონი სპირიდონი წმიდა ექვთიმეს აცნობებდა, რომ მონასტერს მთავრობის განკარგულებით ჩამოერთვა 54 დესეტინა მიწა, სხვა არანაირი შემოსავალი მონასტერს არ გააჩნია. უსახსროდ დარჩენილი ბერი გამოსავალს წმიდა ექვთიმეს დახმარებაში ხედავდა: „გთხოვთ უმორჩილესად იშუამდგომლოთ, მომცენ მე ნორმით სახნავ-სათესი მიწა. მე მაშინ ღვთის ძალით შემეძლება ცხოვრება და მონასტრისთვის ყურადღების მიქცევა“. წმიდა ექვთიმეს წინადადებით 1920 წლის 22 აპრილს პარლამენტის ხელოვნების კომისიამ მიმართა განათლების მინისტრს, რათა კულტურის ფონდიდან გამოეყო და საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების მეშვეობით იგი ბეთანიის მონასტრისა და მისი დაცვისათვის მოეხმარებინათ.
ქართველი სამღვდელოება დიდად აფასებდა წმიდა ექვთიმე ღვთისკაცის ღვაწლს ეკლესიის წინაშე. მის არქივში დაცულია სასულიერო პირთა მრავალი სამადლობელი წერილი. 1919 წლის 6 დეკემბერს ქუთაისიდან არქიმადრიტი პავლე (ჯაფარიძე) წმიდა ექვთიმეს ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს უსურვებს ქვეყნის საკეთილდღეოდ, ხოლო მღვდელ-მონაზონი ანდრია მოკითხვის ბარათთან ერთად საჩუქრად წმიდა ექვთიმე მთაწმიდელის დიდ ხატს უგზავნის. წმიდა ათონის მთიდან მღვდელ-მონაზონი გიორგი (დარჩიაშვილი) ამაგდარ მამულიშვილს წერს: „ბატონო ექვთიმე, ღმერთს ვთხოვ გულმხურვალე ვედრებით თქვენს სიმრთელეს, დღეგრძელობასა და ბედნიერებას ნათესავ სამშობლოთურთ. გწყალობდეს და გფარავდეს ჩვენი ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი და მოსახელე თქვენი, წმიდა ექვთიმე ათონელი. ცათამობაძავისა მის ივერიის აღმაშენებელი, ცხადად მომთხრობნი და ბეჭედი ივერიის ერისა“.
საკათალიკოსო საბჭოს დაჟინებული მოთხოვნით 1919 წლის 1 ივლისს მთავრობის სხდომაზე ნოე ჟორდანიამ გააკეთა მოხსენება: „ეკლესია-მონასტრების დაცვის შესახებ“. მოხსენების საფუძველზე დაადგინეს, რომ ორი პირის შემადგენლობით გაგზავნილიყო კომისია ეკლესია-მონასტრების ქონების აღსაწერად და სათანადო აქტების შესადგენად. აღნიშნული ღონისძიებებისათვის ხაზინიდან გამოიყო მიზერული თანხა – 1000 მანეთი. იმავე წლის 12 ივლისს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით, ამ კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა ექვთიმე თაყაიშვილი. 1919 წლის 22 ივლისს მთავრობის თავმჯდომარის განკარგულებით, წმიდა ექვთიმეს დაევალა ეკლესია-მონასტრების ქონების აღწერა. იგივე დადგენილებით ადგილობრივი სახელმწიფო და საზოგადოებრივი დაწესებულებების ხელმძღვანელებს დაევალათ, დაკისრებული მოვალეობის შესრულების დროს, ყოველგვარი პირობა შეექმნათ წმიდა ექვთიმე თაყაიშვილისათვის.
ექვთიმე თაყაიშვილი სვანეთში ექსპედიციის წევრებთან
და მასპინძლებთან ერთად
დადგენილების შესაბამისად წმიდა ექვთიმემ ფოტოგრაფთან ერთად ექსპედიციაში ორი თვე დაჰყო. მან აღწერა ქუთაისის, გელათის, მოწამეთას, გეგუთის, ხონის, მარტვილის, ჯროჭის, კაცხის, მღვიმეს, დარკვეთის, სავანის სიძველეები, შემდეგომ რაჭის სიძველეებს გაეცნო, ბოლოს კი ფოთის, ახალი სენაკის და გურიის ეკლესია-მონასტრები მოინახულა. ქუთაისში ყოფნისას მას თან ახლდნენ პროფესორი კორნელი კეკელიძე, მღვდელმოწამე ნაზარი, სამიტროპოლიტო საბჭოს წევრი ტრფიონ ჯაფარიძე და ერობის წარმომადგენელი ვასილ ფალავანდიშვილი.
მოგზაურობიდან დაბრუნებულმა წმიდა ექვთიმე ღვთისკაცმა ვრცელი მოხსენებით მიმართა მთავრობის თავმჯდომარეს ნოე ჟორდანიას, რომელშიც იგი აღნიშნავდა, რომ დროის სიმცირისა და ფულადი სახსრების სიმწირის გამო შეუძლებელი იყო საქართველოს ყველა ეკლესია-მონასტრის მონახულება. ამას გარდა, მან ჩათვალა, რომ არ იყო აუცილებელი იმ ეკლესია-მონასტრების შესწავლა, რომლებიც კარგად ჰქონდათ აღწერილი მკვლევარებს (მ. ბროსე, დ. ბაქრაძე, კონტკოვი, გრაფიანია უვაროვა და სხვები). „მე საუმჯობესოდ დავინახე, გავმგზავრებულიყავი ისეთ ადგილებში და დამეთვალიერებინა ის ეკლესია-მონასტრები, რომლებიც ლიტერატურაში ნაკლებად ცნობილი იყვნენ, ან მათ ნაშთებს შემოწმება სჭირდებოდათ!“ ამ მოგზაურობის შედეგად წმიდა ექვთიმე თაყაიშვილმა, საეკლესიო სიძველეების აღწერასთან ერთად, მდიდარი ფოტომასალა ჩამოიტანა, რომელიც საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებაში დაიდო. წმიდა ექვთიმე მთავრობას სთხოვდა, აღწერილობის ფოტომასალის გამოქვეყნებას.
მთავრობისადმი წარდგენილ მოხსენებაში წმიდა ექვთიმე დაწვრილებით საუბრობს ეკლესია-მონასტრების სავალალო მდგომარეობაზე. იგი აღნიშნავს, რომ ეკლესია-მონასტრებს უწინ გააჩნდათ მამულები, საძოვრები, სახნავ-სათესი მიწები, მაგრამ რესპუბლიკის მთავრობამ მათ ეს ქონება ჩამოართვა. მატერიალურ სახსარს მოკლებულმა სასულიერო პირების ნაწილმა უარი განაცხადა მოავლეობის შესრულებაზე და ოჯახს დაუბრუნდა. დაიწყო უპატრონოდ მიტოვებული ეკლესია-მონასტრების საეკლესიო სიწმინდეების უმოწყალო ძარცვა. გელათის მონასტერი წმიდა ექვთიმეს დაკეტილი დახვედრია, რადგან ყაჩაღობის შიშით წირვა-ლოცვასაც აღარ ასრულებდნენ. წმიდა ექვთიმე თაყაიშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აღნიშნული საკითხის განხილვისათვის არაერთხელ შეკრებილა თბილისის უნივერსიტეტის, საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებისა და საკათალიკოსო საბჭოს წარმომადგენლები, მაგრამ საბოლოო შეთანხმებამდე მაინც ვერ მისულან.
შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, წმიდა ექვთიმე თაყაიშვილი მთავრობის წინაშე შემდეგი სახის წინადადებას აყენებს:
„1. დაარსდეს ორგანო განათლების სამინისტროს უწყების დაქვემდებარებით, რომლის კომპეტენციაში იქნება ყოველგვარი ნაშთების მოვლა, შეკეთება და განახლება, აგრეთვე მუზეუმის საგანძურის ყურის გდება. ასეთ ორგანოდ ექვთიმეს მიაჩნია მუზეუმთან (ყოფილი კავკასიის მუზეუმი) არსებული საბჭო;
2. მონასტრებს უნდა მიეცეთ ნორმა მიწისა იმ სახით, რა სახითაც იგი მემამულეებს მიეცათ. მათვე უნდა დაუბრუნდეთ ჩამორთმეული წისქვილები;
3. მიეცეთ წინადადება, ერობებს, დაუყენონ მცველები იმ ეკლესია-მონასტრებს, რომლებიც უყურადღებოდ არიან. თუ ამაზე ერობები უარს იტყვიან, მაშინ ამ ეკლესია-მონასტრების ქონება საკათალიკოსო საბჭოსთან შეთანხმებით გადატანილი უნდა იქნას მუზეუმში ან იმ მონასტრებში, რომლებსაც დარაჯები ჰყავთ.
4. ჩამოტანილი იქნას ტფილისში შემოქმედიდან ნაძარცვი ნივთები, რომლებიც ახლა ოზურგეთის ხაზინაში ინახება. ამ ნივთების რესტავრაცია დაევალოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებას.
5. საიბეჭდოს საქართველოს ეკლესია-მონასტრების განძეულობათა აღწერილობანი;
და ბოლოს,
6. მთავრობამ საზღვარგარეთ მაღალ პოლიგარფიულ დონეზე გამოსცეს ალბომი იმ სურათების მიხედვით, რომელიც მან მოგზაურობის დროს გადაიღო.“
რესპუბლიკის მთავრობას წმიდა ექვთიმეს არცერთი მოთხოვნა არ შეუსრულებია. ეკლესიისთვის მიწის ნორმის გადაცემაზე მთავრობამ უარი განაცხადა, რადგან ეს აგრარული კანონის უხეშ დარღვევად მიიჩნია. აგრარულ კომისიაში ექვთიმეს დაპირდნენ, რომ ეკლესიას იჯარით მისცემდნენ მიწას, მაგრამ ეს დაპირებაც დაპირებად დარჩა. წმიდა ექვთიმემ პარლამენტის სახელოვნებო კომისიის წინაშე არაერთხელ დასვა ეკლესია-მონასტრების შეკეთებისათვის ორი მილიონი მანეთის გამოყოფის საკითხი. უსახსრობის მიზეზებით ეს მოთხოვნაც არ შესრულებულა.
მთავრობის გულგრილობით შეწუხებული წმიდა ექვთიმე გულისტკივილით წერდა: „არაერთხელ შევეცადე, რაიმე მეღონა ჩვენი ეკლესიის უმწეო მდგომარეობისათვის და საეკლესიო ნივთების დაცვა-მოვლისათვის. საეკლესიო ნივთების დაცვა საშიში გახდა. რამოდენიმე კრება საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების საბჭოს, სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის პროფესორების, წერა-კითხვის საზოგადოების წამომადგენლებისა და საკათალიკოსო საბჭოს წარმომადგენლების თანდასწრებით გავმართეთ. ამ სხდომებზე გამოირკვა, რომ ადგილობრივ ნივთების დაცვის არავითარი საშუალება არ იყო“.
საზოგადოების ზოგიერთი წარმომადგენელი ეჭვის თვალით უყურებდა ექ. თაყაიშვილის ზრუნვას საეკლესიო სიძველეების შენარჩუნებისათვის. 1920 წ. გაზეთ „კლდეში“ „მორწმუნე ქართველის“ ფსევდონიმით გამოქვეყნებულ სტატიაში ამაგდარი მამულიშვილის მიმართ ბევრი უხამსი რამ ითქვა. მას ცილი დასწამეს, რომ თითქოს იგი ითხოვდა მუზეუმში დაბინავებულიყო ისეთი სიწმინდეებიც, რომელიც წირვა-ლოცვის დროს გამოიყენებოდა. ფსევდონიმს ამოფარებული პიროვნება წმიდა ექვთიმეს ეკლესიის მტერს უწოდებს და აღნიშნავს, რომ იგი თავისი ქმედებით ცდილობს, რომ ეკლესია სექტად გადააქციოს. წმიდა ექვთიმემ ოპონენტს საკადრისი პასუხი გასცა და კიდევ ერთხელ დააფიქსირა თავისი თვალსაზრისი, რომ მუზეუმში თავმოყრილი უნდა იქნეს მხოლოდ ისეთი სიწმინდეები, რომელსაც წირვა-ლოცვის დროს აღარ იყენებენ, დანარჩენი კი ისევ ეკლესიის საკუთრებაში უნდა დარჩეს და მის მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებლობა საეკლესიო პირებმა უნდა აიღონო. „ურწმუნო თომების“ მიმართ ექვთიმე წერდა: „მე ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ასეთი სიწმინდეები (ჯვარი, ხატები), როგორი ძვირფასიც არ უნდა იყოს ხელოვნების თვალსაზრისით, უსათუოდ ადგილობრივ უნდა დარჩეს. მე ვერ წარმომიდგენია გელათი ხახულის ღვთისმშობელისა და ალავერდი წმიდა გიორგის ხატების გარეშეო“.
ძველი ქართული ქრისტიანული ხელოვნების პოპულარიზაციის მიზნით წმიდა ექვთიმემ საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების სახელით ჯერ ქართული ფრესკების გამოფენა მოაწყო, ხოლო 1920 წელს კი – ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლებისა. სწორედ ეს უკანასკნელი საფუძვლად დაედო 1924 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გამოცემულ ქართულ ხუროთმოძღვრების ალბომს. მაგრამ მისი შემდგენელი იმხანად სამშობლოდან შორს, ემიგრაციაში იმყოფებოდა.
გამუზომელია წმიდა ექვთიმეს ღვაწლი საქართველოს ეკლესიის წინაშე. სწორედ ამ დამსახურების გამო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა 2002 წელს იგი ექვთიმე ღვთისკაცის სახელით წმიდანად შერაცხა. დაიწერა მისი სახელობის ხატი და ტროპარი. ექვთიმე ღვთისკაცის ხსენების დღედ დაწესდა 3 იანვარი.


четверг, 21 февраля 2013 г.

“საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი”


ექვთიმე თაყაიშვილის პირადი წერილები

                  


ექვთიმე თაყაიშვილის სამი ბარათი ნიკო მარისადმი
16თებერვალი
  1900წელი
  (თბილისი) ძმაო ნიკო!

  შენი წერილის პასუხი დაგიგვიანე ჩემ ცოლს ბიძა მოუკვდა,რომელიც მთელს სახლობას ინახავდა და თვითონ ცოლიც ავათ მყავდა,ეხლა მოიკეთა.შატბერდის კრებულის გამოგზავნა გადავაწყვეტიე საზოგადოებას,მაგრამ მე მოუცლელობით,ვერ გავათავე ჯერ სამი ხრონიკის რუსული გამოცემა და ვეცდები გავათავო აპრილამდის და როგორც გავათავებ მაშინვე გამოგიგზავნი.ნუ დამემდურები,რომ დაგიგვიანე ეს შრომა ცოტა გადადევი.რაც შეეხება ამირან-დარეჯანიანს,მე ყველა ხელნაწერები აღწერილი მაქვს კატალოგს რომ ვადგენდი მაშინდელი ეხლაც გავსინჯე.ნომერი 1623 ერთი ხელით არის თავიდან ბოლომდის გადაწერილი,მაგრამ სრულებით არსაიდან ჩანს ,რომ ძველი დედნიდან იყოს გადაწერილი.ბოლოს მინაწერი სწორათ აქვს ჯანაშვილს,გარდა მესამე სტრიქონისა,რომელიც იკითხება ასე: „ჰხმობენ მწერალნი,არ თქმულ არს ცისა ღრუბლის არ ქონაი “. მაგრამ ჯანაშვილის მოყვანილი თავები,ვითომ გილარიანისა რომ ეჭვს გარეშე ყალბია ამის დასამტკიცები საბუთი თვით ხელნაწერშია, ყალბ მეთორმეტე თავს განძის აშიაზე ტექსტის ხელით,ასეთი მინაწერი აქვს:„ქ.ვინცა სწერდეთ,ამ ამბავს ნუ დასწერთ.ეს წიგნის მთქმელისა არ არის. ვიღაცას ცრუს ქრცხინვალელს(მიუწერია)“.სხვა აშია აქ წაჭრილია.მაგრამ სამაგიეროდ,ამ გვარივე ფრაზა დამთავრებულია მეცამეტე კარის შენიშვნაში.იქაც გვერდზე უწერია:„ქ.ნურც ამას დასწერთ. ესეც იმ ცრუს ქრცხინვალელს კაცისაგან არის ნალაყბი და მოგონილი“.აქიდამ ცხადია, მოხსენებული თავები ყალბია ეს იმითაც მტკიცდება,რომ სხვა უძველეს ვარიანტებში ეს თავები სრულიად არ არის.სხვა არავითარი მინაწერი არა აქვს ჩვნს დედანს.ეს მინაწერები ჯანაშვილმა აღარ მოიხსენა.რატომ? შენ გამოიკვლიე.რაკი მე ყველა ხელნაწერების ცნობა მაქვს შეკრებილი,მინდა ცოტა შენიშვნა დავსწერო მოამბეში ან სღვაგან ამ ხელნაწერების შესახებ და შესახებ ყალბი დილარიანისა,სხვათა შორის,საზოგადოებას აქვს პეტერბურგში გადაწერილი,ვგონებ ოქრომჭედლიშვილის თაოსნობით,ეგზემპლიარი.ეს ეგზემპლიარი შედარებულია აკადემიის ვარიანტთან და აქა იქ აღნიშნულია,როგორ არის აკად.ვარიანტში.ეტყობა,გადაწერილი სხვა დედნიდან არის და ეს ორი ყალბი თავიც არის შით,მაგრამ მეორე თავის ბოლოს,გვერდზე უწერია აკადემიის ვარიანტში არ არისო,მაგრამ ვინაიდან აქ რაღაც ნიშანი არის,არ ვიცი მარტო ბოლოს ეხება ეს შენიშვნა თუ მთელ თავს.მადლობელი ვიქნები,თუ მაცნობებ,რამდენი და როგორი ხელნაწერია პეტერბურგში.
  ნიკო,პირველი ხელ ნაწერი ზემოთ გარკვევით არ წერია და აქ კიდევ მოვიყვან: „ქ.ვინცა სწერდეთ,ამ ამბავს ნუ დასწერთ.ეს ამ წიგნის მთქმელისა არ არის.ვიღაც ცრუს ქრცხინვალ...“შენი სტატია მივიღე.აქ დაბეჭდილი სტატიის ოტტისკიც გამომიგზავნე უსათუოდ,როდესაც მიიღო. ეს უკანასკნელი სტატია აქ ძლიერ მოეწონათ ყველას.ჩახრუხაძეს როდის დაბეჭდავ?მართლა ნიკო როგორ გესმის შენ ჩახრუხაძეს ფრაზა (კაეპე5):მოუბარისა მის მდუღარისა დილარგეთისაგან ახშპოთებულად.ნუთუ ისეთი შინაარსის იყო დილარიანი რომ აღაშფოთა თლამარი?სახელი პოემისა უნდა დილარგეთიანი იყოს და არა დილარიანი.ძალაინ მიკვირს როზენის საქმე.მაქ თუ ასეთი ინტრიგები და სიუპატიოსნეა,სხვაგან რაღა გვიკვირს!კაცი თურმე ყველგან და ყოველ შემთხვევაში მოუსვენარი და ინტრიგანია.შენ მაინც პოზიცია არ გაიფუჭო უნივერსიტეტში ცოტა ფრთხილად იყავი.
  მომიკითხე გულითადად შენი მუღლე ჩემ და ჩემი ცოლის მაგიერ და გიორგის მიკოცნე. შენი ძმა ე.თაყაიშვილი.
პ.სნიკო გეთაყვა ,შემიტყვე და მალე მომწერე,აკადემიის ხელნაწერი შეიძლება კიდევ ვითხოვოთ,რომ სამი თვით ან მეტით კიდევ დაარჩინონ ჩემთან.მარიამის ბეჭვდვას ცოტა აკლია,მაგრამ აქაური ტიპოგრაფიის წყალობით,კიდევ არ მაქვს იმედი,მალე გათავდეს.შენი ჭირიმე,ლემს მოელაპარაკე და მითხოვე მომიხერხოს,კიდევ დამიცადონ.ლემის სტატიის გადმოთარგმნას შენ რომ დამპირდი რათ არ გადმოთარგმნე.ლაპატინსკის ნათარგმნი რაღაც არეულიდან შემოკლებულია მე მგონია არც თეოგნოსტა არის ნამდვვილი სსახელი ჩვენი განმანათლებლისა ე.თ.




ძმაო ნიკო!
  16.11.1903
  (ტფილისი)

  ნემესიოს, წიგნს , ხელნაწერს გიგზავნი,რათა ისარგებლო შენი მოხსენებისთვის და ორი კვირის შემდეგ დამიბრუნო; ტექსტს მე ვბექდავ კატალოგში. ამასთანავე, მაგის ლიტერატურის შესახებ მაცნობე, თუ რითი შველის ბერძნული ტექსტის აღდგენას. მე მაგის გამოცემა პროფესორ ტეგას დავპირდი და მას შემდეგ ვეძებ ხელნაწერებს. ორი კიდევ სხვა ვიპოვე,ერთი ხუცური და ერთი მხედრული. ტექსტის შედარებამ დამარწმუნა, რომ სამივე ხელთნაწერი ერთი მეორისაგან არის გადმოწერილი, ყველა ერთ და იმავე ფრაზაზეა შეწყვეტილი და განსხვავება ტექსტში არ არის. გრადაცია ასეთი მგონია: ხუცური ხელთნაწერიდან, რომელიც ეხლა მე მაქვს, გადმოწერილია ეს, შენ რომ გიგზავნი, და ამისგან მხედრული. ა.
ხახანაშვილმა ითხოვა ეს ხელთნაწერი და ეცნობა, რომ მე ვბეჭდავ და ამიტომ ვერ გავუგზავნეთ. ტფილისში მე ნემესიოს შესახებ ცნობები ვერ ვიპოვე, მხედრულს ხელთნაწერში სწერია, პომ ეს პეტრიწის გადმოთარგმნილიაო... ნიკო, შენი ადონცი მე ავაზაკურათ მომექცა პატივისცემისათვის. ხელნაწერის ჩვენება მთხოვა, ვაჩვენე, წავუკითხე და ავუხსენი. მერე ერთი დღით მთხოვა სახლში, ვათხოვე და იმ დღიდგან აგერ მეექვსე თვეა, ხმას აღარა მცემს და არც ხელნაწერს მიგზავნის. და მერმე ვის ხელთნაწერს? წერა-კითხვის საზოგადოებისას. შენი ჭირიმე, ნიკო, ერთ ხათაბალას გადამარჩინე გამოაგზავნინე.
ასე უსირცხვილობაც არ შეიძლება.
  ნიჟარაძეს გიგზავნი პეტერბურგში ეკზამენების დასაჭერათ და გთხოვ ყოველი ღონე იღონო და როგორმე „ატესტატით“გამოამგზავრო. მე მგონია, ეხლა მაგას უფრო დავიწყებული აქვს კურსი, ვიდრე გამეორებული, მიიღონ მხედველობაში ის ბალები, რომელნიც წინანდელ ეკზამენებზე მიიღო. არხელოგიის შესახებ ცალკე მოგწერ. ეხლა შემიძლია გაცნობო, რომ პირველი ნორმისათვის ზარზმის წარწერებს მოგაწვდი, ძლიერ ბევრია ფრესკის წარწერები. აქ რეფერატი წავიკითხე, მაგრამ ის ხომ მარტო წარწერებს არ ეხება. ამას გარდა, სხვა შემოწმებულ წარწერებსაც გამოგიგზავნი, მაგრამ ენკენისთვემდის არა მგონია, რომ შენ საქმეს შეუდგე. ბიბლიოგრაფიას ენკენისთვის ვფიქრობ მომზადებას, საზოგადოდთ კი აღარაფრისთვის არ მცალია მანდამაინც.
ხანძთელის დაბეჭდილი ტექსტი მომაწოდე ოტტისკებით წიგნის გამოსვლამდე.
  ნინომ და ჩვენებმა შენ და შენს მეუღლეს სალამი და ჩე(მ)მაგიერადაც მოკითხვა გადაეცი.
იურის ჯანჯუხას უგზავნი ცოტას, თუ ნიჟარაძემ წამოიღო. სხვაფრივ ჯერ მშვიდობით, ამ წერილს საჩქაროთ გწერ.
  პ.ს. მომცემლიძეს ფული ჯერაც არ მიუღია და მე შევიტანე ზალოგი, ის გაჭირვებულია და მიტომ შეგაწუხა, მე კიდევ შემაწუხა. ერთი ფურცელი ტექსტისა დარჩენილა აქ ჩემთან და გიგზავნი ამასთანავე. ხელთნაწერი „ ზაკაზნოი“ ბანდეროლით გაოგზავნე, არ დაიკარგოს, ერთ ხათაბალას არ შემამთხვიო, ოფიციალურად რომ გეთხოვა, არ გამოგიგზავნიდნენ ამ ხელთნაწერს. კატალოგის მეორე წიგნაკს გიგზავნი, მესამე დაბეჭდილია და შეიცავს მარტო 144 გვერდს.
მეგრელიის ქართლის ცხოვრების ვარიანტშია შით მოქცეული. შენი ძმა ექვთიმე.



 ძმაო ნიკო!
  პარიზი,
  10.06.1928

  პირველად გულითადი მოკითხვა შენს მეუღლეს და შენ ჩვენ ორთავეთაგან. წავიკითხეთ ტფილისის გაზეთში თქვენი იქ ყოფნის ამბავი. ეხლა ჩემი თხოვნაა: უთუოდ დამიბრუნოთ ყველა ჩემი სტატიები და მათი სურათები, რომელნიც ამდენი წელია თქვენთან არი და საკმაოდაც დამძაღდნენ. ზოგი მასალები უკვე გამოაქვეყნეს სხვებმა ტფილისში და ეს ბედი მოელის სხვებსაც. შრომა იმისთვის მივიღე, რომ პრიორიტეტი გამოქვეყნებისა მაინც შემრჩენოდა. თუ სტატიები ტფილისშია გაგზავნილი, გთხოვ საჩქაროდ გამოითხოვო უკან და დამიბრუნო.
როდესაც შენი სტატია იყო აქ უშედეგოდ დარჩენილი, თუმცა ეს მე პირადად არ მეხებოდა, მაგრამ შენის თხოვნით მივიღე ყველა ზომები და გამოგიგზავნე, ხოლო ჩემი სტატიები პირადად შენ მოგაწოდე და რაკი დაბეჭდვა არ ეღირსა,რასაკვირველია, გარემოებათა მიხედვით, ამას შენ კი ვერ გისაყვედურებ ვერას გზით, მხოლოდ უფლებას ნუ წამართმევ რომ უკან დავიბრუნო და განმეორებით გთხოვ მომაწოდო გრაფენის მისამართით. ამას გარდა , ალექსანდრა ალექსეევნას ვთხოვე, როგორც იცი, წიგნების მოწოდება. მისი„აკურატნობა“ მე კარგად ვიცი და არა ერთხელ ვყოფილვარ მათგან დავალებული, მაგრამ ეხლა, როგორც ეტყობა, არც ეს ხერხდება. რა გაეწყობა, ბედი უბედო ჩემზედა არ ახალია, ძველია! შენთან შემდეგი სტატიებია: 1)ვანის ეკლესიის სიძველეთა აღწერა, 2) სოფელ ჩანგლის ეკლესიის აღწერა და ფრაგმენტი ერთი ქართული ხელნაწერისა, ამსვე აქვს დართული შენიშვნა, 3) პიტარეთის მონასტერი და მისი წარწერიანი, 4) ორი ეკლესია სოფელ ტანძიაში, 5) მდებარეობა სოფლისა და მონასტრისა თევდორწმიდისა,6) ციხე და ეკლესია სოფ. ქვეშში, გზავნილი ქონთან შენთან ვერცხლის დოქი მეფე გიორგი III; ამას გარდა დიდი ხანია გამოგზავნილი მქონდა შენთან სომხური წარწერაბის ფოტოგრაფიკული სურათები სასაფლაოს ქვებისა ჩანგლში და ეკლესიისა ფანასკერტში. როგორმე მინახე და დამიბრუნე, ადრეთვე ფოტოგრაფიულად გადაღებული მთელი კარის გარიგების ტექსტი. იყავით კარგათ და ბედნიერათ! და ნუ დაგვივიწყებთ.
  ე.თაყაიშვილი

ექვთიმე თაყაიშვილის სამი ბარათი იოსებ მეგრელიძისადმი

  ბ-ნო იოსებ,დიდად გმადლობ წიგნებისათვის.
გაახლებ ექვს ჩემს ბროშურას. ავალიშვილს და ზავრიევს გავუგზავნე თქვენი „ნაროდნიე პრედანია ო შოტა რუსტაველი.“ ზურაბს მივსწერე მისი წიგნის „ ვეფხისტყაოსნის საკითხები“-ს შესახებ; თუ გამომიგზავნა, გაახლებთ. დეეტერსის ქართული ზმნები მე არ მინახავს და არც ვიცი, სად იშოვნება. ფოქტის ახალი გრამატიკა ვიცი, რომ გამოვიდა მაგრამ ჩემთვის არ გამოუგზავნია; მოვიკითხავ, სად იყიდება და როცა ვიპოვი, გამოგიგზავნით. მოკლე დროში გაახლებთ კიდევ ჩემს „არქეოლოგიურ ექსპედიციას ლეჩხუმ-სვანეთში“.
  თქვენა გთხოვთ , საიუბილეო გამოცემა „ვეფხისტყაოსნისა“ მომაწოდოთ უსათუოდ. ტფილისიდან აღარაფერი მომდის. ტფილისის მუზეუმის „მოამბე“ მარტო რვა წიგნი მაქვს, უნივერსიტეტის „მოამბე“-ათი „იზვ.კავკ.არხ.ინსტიტუტა“- ოთხი.
რაც მეტია გამოსული ამ სერებისა, საჭიროა ჩემთვის, თუ შესძლებთ გამოგზავნას სასწრაფოდ გაახლებთ საჭირო წიგნებს, გინდ ღირებულება. შემიძლია გაახლოთ მეორე და მესამე წიგნი Gეორგიცა- სი, თუ გსურთ. ჩემი სტატიების „ოტტისკები“ ამ ტომებიდან არ აღმოუბეჭდავთ. თქვენი გურიის ტერიტორიის და მოსახლეობის გამოკვლევა ფრიად კარგია.
  მეარა მაქვს კონტაქტი აქაურ გამომცემლებთან, იშვიათად ვარ პარიზში და წელთა გამო უძლურებას განვიცდი. ნ.მარისადმი მიძღვნილი საიუბილეო ტომი XlV არა მაქვს. სალამი ჩემგან ალ. ქალბატონს მარრს.


 
პატივისცემით ე. თაყაიშვილი.
  11.06.(1938)
N-2
  ბ-ნო იოსებ,

  მივიღე „პამიატნიკი ეპოხი რუსტაველიჩ“ (ლენინგრადი,1938) და თქვენი ღია წერილი. უღრმესი მადლობა. მშვენიერია ი. ორბელის წერილი რუსთაველზე. გადაეცით ჩემი სალამი; მოთხოვეთ , მისი ნაწერები გამომიგზავნოს. გაახლებთ „ექსპედიციას ლეჩხუმ-სვანეთში.“ფოქტის ქართული გრამატიკა არ აღმოჩნდა გასასყიდად პარიზში.ეს მაცნობა ზ.
ავალიშვილმა.ის მისი ცოლის ნათესავია. ოსლოში მივსწერე ნაცნობთ; თუ მივიღე, გაახლებთ. გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება, განსვენებულის ნ. მარრის არქივში უნდა იყოს ჩემ მიერ მისდამი გაგზავნილი ფანასკერტის ერთი ეკლესიის სომხური წარწერა და აგრეთვე სასაფლაოს ქვის წარწერები ჩანგლის ეკლესიისა. მე გაუგზავნე და არ დაუბეჭდია. თუ იპოვით, ბ-ნ ორბელს გადაეცით. ზურაბის წიგნი მიღებული გექნებათ.
პატივისცემით ე. თაყაიშვილი
  P.S. დიდად საჭიროა ჩემთვის თბილისში გამოსული რუსთაველის დროის მატერიალური კულტურა. თუ იშოვით, მეტად დამავალებთ.
N-3
  ბ-ნო იოსებ,
  გამოუთქმელი მადლობა „ვეფხისტყაოსნისათვის“. დიდად ვაფასებ ჩემი სიყრმის ამხანაგის და მეგობარის ნიკო მარის ღირსეული შეგირდის ჩემდამი ყურადღებას. უნივერ მოამბე IX მაქვს, მაგრამ როგორ წარმოვიდგენდი, რომ ს. მაკალათიას წერილი სარჩევში გამოშვებული იქნებოდა.
სუყველა ტფილისის გამოცემების სარჩევები გადავათვალიერე და არ აღმოჩნდა. სიბერის გამო ხსოვნამ მიკლო. ფოქტის წიგნს ველი ამ დღეებში, დეეტერსის წიგნი დავიბარე.თუ მივიღე, გაახლებ.
  ჩემთვის ეხლა ყველაზე უფრო საჭიროა „რუსულ-ქართული ლექსიკონი,“ ტფილისის გამოცემა, 1937წლის გთხოვთ, მომიხერხოთ მოწოდება და ხარჯს აგინაზღაურებთ. თბილისში ოროდიო სონღულაშვილს მიმართეთ (მასკოვსკაიაN-4) და ის მოგცემთ ზოგიერთ ჩემთვის საჭირო წიგნებს. ალბათ, თქვენ მოგიხდებათ ზაფხულში საქართველოში ჩასვლა.მიიღეთ ზომა ახალგაზრდა მეცნიერებმა, რომ გამოსცეთ „მოკლე ქართლის ცხოვრება, “ რომლიდანაც სომხური ტექსტია ნათარგმნი (ივ. ჯავახიშვილს აქვს); მასვე აქვს მეორე „ქართლის ცხოვრება,“ რომელშიაც სომხური ტექსტია ნათარგმნი(ივ.ჯავახიშვილს აქვს);მასვე აქვს მეორე „ქართლის ცხოვრების გაგრძელება“, პომელშიაც თამარ მეფის მეორე ისტორიკოსის ტექსტია და ვახტანგის კომისიის შეუსწორებელი „ქართლის ცხოვრების“ გაგრძელება.
ეს ტექსტები პირველ რიგში უნდა გამოიცეს.
ეს ხელნაწერები უნიკუმებია და მიუტევებელია, რომ ამდენხანს გამოუცემელი რჩება. პატივცემულ ივანეს ტექსტების გამოცემა, ეტყობა, არ ეხერხება. თქვენ მიიღეთ ახალგაზრდებმა თავის თავზე. ნუ უცდით აღდგენილ ტექსტებს. აღდგენა საჭიროა, მაგრამ ესეც ხშირია, რომ აღმდგენელი ზოგჯერ ამახინჯებს ზოგიერთ ადგილებს დედნისას. მარიამ დედოფლის ტექსტის აღმდგენელის მაგალითები წინ გვიძევს. მადლობელი უნდა ვიყოთ, რომ დონდუამ მოგვცა რუსული თარგმანი თამარის მეორე ისტორიკოსისა.
  სამწუხაროდ, საიუბილეო „ვეფხისტყაოსანი“ არ არის მეცნიერული გამოცემა, გარეგნულადაც გაცილებით ქართველიშვილის გამოცემა სჯობია.
ბევრი ყალბი ადგილებია შით დატოვებული, ზოგი შესწორება ტექსტს ამახინჯებს. კრიტიკული ტექსტი უნდა გამოიცეს. პატივისცემით ე. თაყაიშვილი.

  ექვთიმე თაყაიშვილის ბარათი პროფესორ ვუკოლ ბერიძესთან

  9 აპრილი 1935 წელი

  ეხლა მდგომარეობა ძირიანად შეცვალა, ნივთები უპატრონოდ არის გამოცხადებული. Mმე აღარა მაქვს საშუალება და უფლება ნივთების დაცვასა და ჯეროვნად შენახვას მეთვალყურეობა გავუწიო, ნებაც რომ მქონდს, ფიზიკური მდგომარეობა არ მაძლევს საშუალებას, მოვხუცდი, ფეხიც დამიშავდა, ძლივს დავდივარ. დღეს ვარ, ხვალ აღარ ვიქნები და ჩემთვის მეორე სიკვდილი იქნება, თუ ის ნივთები ან მისი ნაწილი დაგვეკარგება; თქვენ უწყით, თუ რა წილი მიდევს მე მათ შეკრებაში და მათი დღევანდელი მდგომარეობა მტანჯავს, ვერ დავმშვიდდები, მანამ ის ნივთები საქართველოს არ დაუბრუნდება და მუზეუმს არ ჩაბარდენბა. ეხლა მე საფრანგეთის მთავრობას მოხსენებას ვუდგენ, რომელშიაც ახსნილია ყოველი გარემოება ამ ნივთებისა, ესე იგი:
  1) რომ ეს ნივთები ევაკუაცია ქმნილია საფრანგეთის ყოფილი ელჩის რჩევითა და დახმარებით.
  2) რომ ეს ნივთთები შეადგენენ საკუთრებას არა მათ მიერ ცნობილი მთავრობისა, არამედ კერძო მუზეუმებისა, საისტორიო და საეთნოგრაფო საზოგადოებისა, საეკლესიო მუზეუმებისა, სამხატვრო გალერეისა და საქართველოს მუზეუმისა.

  3) რომ ეს ნივთები მხოლოდ შესანახად ჩაბარებული ჰქონდა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას და მეთვალყურედ მე ვიყავი დანიშნული.
  4) რომ ეხლა, როდესაც აქ საქართველოს მთავრობის საელჩო მოხსნილია, რომლის სახელზე ნივთები ინახებოდა ბანკში, ის ნივთები უნდა დაუბრუნდეს თავიანთ პატრონებს, ესე იგი საქართველოს მუზეუმებს, მით უმეტეს, რომ ამ მუზეუმების გარშემო და საქართველოს უნივერსიტეტშო ეხლა ინტენსიური სამეცნიერო მუშაობა წარმოებს და მკვლევარნი მოკლებული არიან საშუალებას ისარგებლონ ამ ნივთებით. მოხსენიებული იქნება აგრეთვე, რომ ამჟამად საქართველოში მუშაობენ რუსთაველის იუბილეის გადახდისათვის, ამზადებენ მისი პოემის სამეცნიერო გამოცემას და სამი საუკეთესო ხელნაწერი რუსთაველის პოემისა აქ არის წამორებული. აგრეთვე მოხსენიებული იქნება, საბჭოების ხელისუფლებამ დაუბრუნა საქართველოს ყველა სამუზეუმო ქართული ნივთები, რომელნიც, წამორებული იყო რუსეთში.
  ეხლა აუცილებელად საჭიროა, ამ ჩემს მოსენებას დაერთოს თქვენი, ესე იგი საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლების ხმაც და შუამდგომლობა და მუზეუმების საბჭოების მოთხოვნა საფრანგეთის მთავრობისაგან, რომ მათ დაუბრუნდეს მათი კუთვნილი და შესანახად წამოღებული ნივთები. მართალია, წერა-კითხვის და საეკლესიო მუზეუმები ეხლა გადაცემულია უნივერსიტეტისადმი, როგორც მათი კანონიერი მემკვიდრე: საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება, სამხარვრო გალერეა სა საქართველოს მუზეუმები არსებობენ და მათმა გამგეობამ უნდა აღძრან შუამდგომობა.
  გთხოვთ, ეს წერილი გააცნოთ საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლებას და დაინტერესებულ მუზეუმებს და დაწესებულებათ და რამდენადაც შეიძლება დაჩქარებით წარმოადგინონ თქვენი შუამდგომობა. ამას მოითხოვს ჩვენი ნივთების ინტერესი, რომ განსაცდელში არ ჩავარდეს და არ დაგვეჩაგროს. Kიდევ ერთი ცნობა: შესანახი ფული მარტო ერთი წლისაა გადახდილი ორი ათას ხუთასი ფრანკი. დანარჩენს, რასაკვირველია, მოითხოვენ და უნდა გადაიხადოთ.
სამაგიეროდ ბევრს, ერთობ ბევრს ნივთებს მიიღებთ, რომელნის წინეთ არ ეკუთნოდნენ მუზეუმებს. შიტყვას აღარ გავაგრძელებ. ველი თქველს პასუხს.

  ღრმად პატივისცემით ექვთიმე თაყაიშვილი.