понедельник, 25 февраля 2013 г.

ექვთიმე თაყაიშვილის ბიგრაფია



დიდი ქართველი მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე და ქართული ეკლესიის მიერ წმიდანად შერაცხული ექვთიმე თაყაიშვილი, გურიის ერთ პატარა სოფელ ლიხაურში, აზნაურ სვიმონ თაყაიშვილის ოჯახში დაიბადა 1863 წლის 5 იანვარს. ჯერ კიდევ სულ პატარას მშობლები დაეღუპა.
სამი წლისამ მარჯვენა ფეხი მოიტეხა, ცუდად შეხორცებული ფეხი საგრძნობლივ დაუმოკლდა და სამუდამო კოჭლად დარჩა. დედმამიშვილებსა და სანათესაოს მისი კოჭლობისა ეუხერხულებოდათ და სტუმრად “გამოჩენა” ერცხვინებოდათ…
ექვთიმე ნიჭიერი და სწავლის მოყვარული ბავშვი იყო. სამაზრო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ იგი ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში ჩაირიცხა და სწავლა ვერცხლის მედალზე დაასრულა. შემდეგ კი პეტერბურგის უნივერსიტეტში ჩააბარა ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე. პეტერბურგიდან ექვთიმე კანდიდატის ხარისხით დაბრუნდა თბილისში.
თბილისში ჩამოსული ექვთიმე აქტიურად ჩაერთო მეცნიერულ, პედაგოგიურ და საზოგადოებრივ მოღვაწეობაში. უმთავრეს მიზნად მან დაისახა მასალების შეკრება საქართველოს ისტორია-არქეოლოგიისათვის. 1889 წელს დააარსა “საქართველოს საეგზარქოსო მუზეუმი”, სადაც თავს უყრიდნენ ძველ საეკლესიო წიგნებს, ხელნაწერებსა და სხვადასხვა ნივთებს. მუშაობდნენ საქართველოს ეკლესიის ისტორიის შედგენაზე.



თავად ექვთიმე წერს :
“საზოგადოების წევრი რომ გავხდი, მივიხედ-მოვიხედე, შევიტყვე, რომ იმ ძვირფას ხელნაწერებს კაცი პატრონი არა ჰყავდა და ძალაუნებურად მოვკიდე ხელი, დავუწყე პატრონობა. მერე თანდათან გამიტაცა, შემიყვარდა და ვიწყე ზრუნვა დაღუპვისაგან მათ გადარჩენაზე. თან ახალ-ახალსაც ვაგროვებდი, შემოწირულით აღარ ვჯერდებოდი. საზოგადოების ხარჯზე შეძენაც დავიწყე. სხვადასხვა კუთხეში მიმოწერა გავაჩაღე, აგენტები გავიჩინე….
საქართველო დავიარე და დავინახე, თუ რა უზარმაზარი მასალაა განწირული დავიწყებისა და ხშირად დაღუპვისთვისაც. პირდაპირ ამიტანა ფანატიკურმა მისწრაფებამ, რაც შეიძლება მეტი მომესწრო, მითუმეტეს, რომ ჩემ თანამედროვეთაგან აღარავინ მისდევდა ამ საქმეს.
რამდენს ვცდილობდი, რას არ ვკიდებდი ხელს, მაგრამ რამდენი რამ მაინც ვერ მოვასწარი!.. არ იყო ხალხი, თითოოროლა კაცის მეტი არ ეკარებოდა ასეთ საქმეს. არ ესმოდათ ამის მნიშვნელობა და გემო!.. რუსთველის გამზირზე სეირნობასა და პოპულარული სტატია-წიგნების კითხვას, ან ლიტერატურულ კამათს იქით აღარ მიდიოდა მათი მონდომება… თითქოს გვყავდა ინტელიგენცია, მაგრამ ნამდვილად და ღრმად ვერავინ ხვდებოდა კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობისა და ადგილობრივ შესწავლის აუცილებლობას”.





 ექვთიმე თაყაიშვილის სახელს უკავშირდება “საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების” დაარსება. ეს საზოგადოება მოგზაურობდა საქართველოს სხვადასხვა მხარეში და აგროვებდა ისტორიულ და არქეოლოგიურ მასალებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მათი მოგზაურობა “სამუსულმანო საქართველოში”. ექსპედიციამ უამრავ მასალას მოუყარა თავი: ეთნოგრაფიულ და საარქივო ნივთებს, ნაქსოვ-ნაქარგებს, ხელნაწერებს. ცალკე კოლექციას შეადგენდა ქართული ეკლესია-მონასტრების კედლებიდან გადმოღებული ფრესკები.
1888 წელს ექვთიმემ შეისწავლა და გამოიკვლია “პარხლის სახარება”. ამას მოჰყვა
შატბერდული “მოქცევაი ქართლისაის” ახლებური წაკითხვა, რკვევა და დათარიღება.
1890 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა ერთად მოუყარა თავი და გამოაქვეყნა “სამი ისტორიული ქრონიკა”, სადაც წარმოდგენილია -”მოქცევაი ქართლისაი”, “სუმბატის ქრონიკა” და “მესხური მატიანე”. ამ გამოცემამ იგი ერთბაშად მაშინდელ დიდ სამამულო მოღვაწეთა გვერდით დააყენა.
ექვთიმეს დღენიადაგი ოცნება იყო სამხრეთ საქართველოს ისტორიულ ძეგლთა საფუძვლიანი აღწერა და შესწავლა. ჯერ, 1902 წელს, ხუროთმოძღვარ სიმონ კლდიაშვილისა და ფოტოგრაფ ალექსანდრე მამუჩაიშვილის თანხლებით, იმოგზაურა და აღწერა ახალციხე-ახალქალაქისა და არტაან-ოლთისის ძეგლები.
მეორე, უფრო სრული საფუძვლიანი ექსპედიცია ექვთიმემ მოაწყო 1907 წელს, ინჟინერ ანატოლი კალგინის, ფრანგი მასწავლებლისა და მოხალისე ფოტოგრაფის, ედუარდ ლიოზენის თანხლებით. მოიარეს კოლა, ოლთისი, ჩანგლი. მაშინ აღწერა ექვთიმემ ბანას დიდებული ტაძარი, ტაოსკარი, დადაშენი, ტახტორკანი, ჯიჯორი, ქუმურლუხი, კალმახი, ვაჩეძორი და მრავალი სხვა ძეგლი, ნაძეგლარი, ნანგრევი და ნამუსრევი.
ექვთიმე თაყაიშვილი იყო ერთ-ერთი აქტიური მებრძოლი საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის, მან ასევე უდიდესი როლი ითამაშა 1918 წელს თბილისის უნივერსიტეტის დაარსებაში.





1921 წლის 25 თებერვალს საქართველო საბჭოთა ხელისუფლებამ დაიპყრო. საქართველოს მთავრობა საზღვარგარეთ გადაიხვეწა და თან წაიღო საბანკო ვალუტა, ისტორიისა და კულტურის სამუზეუმო განძეულობა და ხელნაწერები. მათ მცველად გაჰყვა ექვთიმე თაყაიშვილი თავის მეუღლესთან ერთად. „ძალაუნებურად მომიხდა ემიგრანტობა, რათა არ მოვშორებოდი ჩვენი ერის სასიქადულო კულტურულ საგანძურს, დამეცვა იგი ყოველგვარი საფრთხისაგან“, – წერდა ექვთიმე თაყაიშვილი.
საფრთხე კი მრავალი იყო: ქართული საგანძურის შესყიდვა სურდათ ბრიტანეთისა და ნიუ-იორკის მუზეუმებს, გრაფ ოხოლენსკის ქვრივი სალომე დადიანი კი ამ საგანძურის ერთი ნაწილის მემკვიდრედ ასაღებდა თავს და სასამართლოშიც კი აღძრა საქმე განძის ხელში ჩასაგდებად. მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშისტებმა შეიტყვეს განძის შესახებ და ექვთიმეს ბინაც კი გაჩხრიკეს, მაგრამ ექვთიმე თაყაიშვილის, გრიგოლ ფერაძისა და სხვა ქართველებისა თუ მათი უცხოელი მეგობრების წყალობით ქართველებმა განძი შეინარჩუნეს. ბოლოს კი საფრანგეთის მთავრობამ გამოაცხადა, რომ ქართული საგანძური მას ეკუთვნოდა იმ გადასახადის სანაცვლოდ, რომელიც ქართულმა ემიგრაციამ მატერიალური შეჭირვების გამო ვერ გადაიხადა, მაგრამ ამჯერადაც გამოჩნდნენ კეთილი ადამიანები და განძი მითვისებას გადაურჩა.
ამ დროს კი ასეთი განძის მფლობელი ექვთიმე უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდა. მას და მის მეუღლეს ხშირად პურიც კი არ ჰქონდათ და მათ მეგობრები ინახავდნენ. ექვთიმეს ამ პერიოდში გარდაეცვალა საყვარელი მეუღლე და დიდი მეგობარი ნინო. მარტო დარჩენილი მოხუცი შიმშილის, ყინვისა და ავადმყოფობისაგან ბევრჯერ სიკვდილის პირამდეც მისულა, მაგრამ დაკისრებული მოვალეობისათვის არ უღალატნია. ერთი უმცირესი ნივთიც რომ გაეყიდა, იგი უმდიდრესი კაცი გახდებოდა, მაგრამ არცერთი მისხალი არ მოუკლია ერის საგანძურისათვის. იგი ოცნებობდა იმ დროზე, როცა საქართველოს დაუბრუნებდა თავის საგანძურს.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეიქმნა ის პირობები, როცა შესაძლებელი გახდა ოცნება რეალობად ქცეულიყო. საფრანგეთსა და საბჭოთა კავშირს შორის შედგა მოლაპარაკება, რის შედეგადაც განძი ამერიკულ თვითმფრინავზე დატვირთეს და საქართველოში გადმოგზავნეს მცველების თანხლებით.








თბილისში, აეროპორტში ქართული საზოგადოება ელოდებოდა. ექვთიმეს კი თვითმფრინავიდან ჩასვლა არ უნდოდა, როცა მიზეზი ჰკითხეს მორიდებულად უპასუხა, “ძალიან შელანძღული და დახეული პიჯაკი და ფეხსაცმელი მაცვია და მერიდებაო..”- არადა, ევროპაში მასთან ინახებოდა ქართული ოქრომჭედლობისა და სხვა უამრავი შედევრი, თუნდაც ერთი მათგანი რომ გაეყიდა ფუფუნებაში იცხოვრებდა…
სამშობლოში ერისათვის დამაშვრალი მოღვაწე პატივით მიიღეს, აღადგინეს თბილისის უნივერსიტეტში პროფესორად, აირჩიეს აკადემიის წევრად. მაგრამ დიდხანს არ გასტანა ექვთიმეს სიხარულმა. საბჭოთა ხელისუფლებამ ბრძოლა გამოუცხადა – გაათავისუფლეს საქართველოს ისტორიის პროფესორის თანამდებობიდან, დაუპატიმრეს შვილობილი, რომელთან ერთადაც ცხოვრობდა, თანამშრომლებს აუკრძალეს მასთან მისვლა.






აი, ასე, ყველასაგან მიტოვებული გარდაიცვალა 1953 წლის 21 თებერვალს ერის საგანძურის მცველი, საქართველოსთვის დამაშვრალი მოღვაწე ექვთიმე თაყაიშვილი. მისი ნეშტი მცირერიცხოვანმა პროცესიამ მიაცილა ვაკის სასაფლაომდე.
დაბადებიდან 100 წლის თავზე ექვთიმე თაყაიშვილის ნეშტი დიდუბის პანთეონში გადაასვენეს.
საქართველოს ეკლესიამ კი იგი წმინდანთა დასში შერაცხა და უწოდა წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი.









ექვთიმე თაყაიშვილის სახლი



ექვთიმე თაიყაიშვილის სასაფლაო







воскресенье, 24 февраля 2013 г.

ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ (გიმნაზიის წლები)



1876 წელს ექვთიმეს ძმამ ნიკომ შვებულება აიღო და ლიხაურში ჩავიდა. იგი ქუთაისში,სამხედრო სასწავლო რაზმში ,,უჩებნაია კომანდაში” მსახურობდა… ექვთიმე ატეხილა – ,,ქუთაისში წამიყვანე,ლათინურში წავიმეცადინებ და გიმნაზიაში მოვეწყობიო..” ნიკომ ძმა წაიყვანა 1876 წლის ძლიერ ცივ ზამთრის დღს. მოხუცი ექვთიმე გულისტკივილით იხსენებდა ,,არავის გახსენებია ჩემთვის საზამთრო ტანისამოსის დამზადება”.. ექვთიმეს მხოლოდ წალების და პარუსინის ბლუზა სცმია. ორი დღის შემდეგ ჩაუღწევიათ ,,ტროიკით” ქუთაისში. პატარა ექვთიმეს ყაზარმაში მიუჩინეს ადგილი. აქვე იკვებებოდა და უკვირდათ სხვებს ,რომ მუდამ წიგნს კითხულობდა. ეს შეუმჩნევია ,,კომანდის” უფროსსაც. შესცოდებია ყმაწვილი და ნება დაურთავს ყაზარმაში დარჩენაზე. მაშინ ქუთაისში იმყოფებოდნენ იოსებ და კოწია თაყაიშვილები; მათი დახმარებით ექვთიმე ქუთაისის ერთ–ერთ შეძლებულ ოჯახს აუყვანია რეპეტიტორად.
ქუთაისში ექვთიმესთან დადიოდნენ ბიძაშვილი ერმილე ნაკაშიძე, რომელიც აგრეთვე ემზადებოდა გიმნაზიაში შესასვლელად და მისი ნათესავი ლათინურში კარგი მოწაფე – მოსე კალანდარიშვილი. ერმილეს შუამდგომლობით და ხარჯით ექვთიმე მოსესთან უნდა მომზადებულიყო იანვრიდან 15 ივნისამდე, მაგრამ მალე არდადეგები დაიწყო. მოსე და ერმილე მაკვანეთში წასულან. ექვთიმეც იქ უნდა ჩასულიყო ლიხაურიდან,მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო (მისი ძმა ვარლამი სტუმრობდათ,რომელსაც ქართული აღარ ახსოვდა,ხოლო მამიდა მაკასთან რუსული არავინ იცოდა, ექვთიმე მთარგმნელობდა). აგვისტოს დამლევს ვარლამი პეტერბურგს გაემგზავრა. ექვთიმემ გამოცდების წინა დღეებში წაიმეცადინა ლათინურში. ლათინურის გამო ექვთიმე მიიღეს პროგიმნაზიის II და არა III კლასში და ისევ წინააღმდეგობა – სწავლის ნახევარი წლის, 6 მანეთი შეიქმნა გადასახდელი – ექვთიმე ატირებული მისულა დიასახლისთან: ,, მესამე კლასში მწადდა შესვლა და ვერ შევედი, II მოვხვდი და იქიდანაც დამითხოვეს – სწავლის ფული ვერ შემაქვსო”… გულკეთილ დიასახლისს გაუხსნია დანაზოგების ყულაბა და შიგ 6 მანეთზე მეთი ძველი და ახალი ქართული და რუსული ლითონის ფულები აღმოჩენილა. ექვთიმეს მიუტანია იგი ინსპექტორისათვის,რომელიც განცვიფრებულა– სად იშოვე ნუმიზმატიკის ეს კოლექციაო!…
,,ამგვარად, ნასესხები ფულის წყალობით დავიწყე პროგიმნაზიაში სიარული. შევეცოდე ინსპექტორს, ობლობისა და სიღარიბის ცნობა მიმატანინა, სწავლის გადასახადიდან გამათავისუფლა და რადგან პანსიონში ადგილი აღარ იყო,სანაცვლოდ 8 მანეთი დამინიშნა ყოველთვიურად”…
პროგიმნაზიში ექვთიმეს სახელი გაუთქვია, როგორც ბეჯით მოწაფეს. 35 მოწაფიდან IV კლასი მხოლოდ რვას დაუმთავრებია. 1879 წელს ე.თაყაიშვილი V კლასში ჩაირიცხა.
ქუთაისში ექვთიმე მოხვდა ოზურგეთელ თანაკლასელ ნიკო მართან,რომლის ,,უჩვეულო ნიჭიერებასა და დიდი მომავალს” მასწავლებლები ერთხმად აღიარებდნენ.
ახალ დირექტორს შეკითხვები მიუცია შეგირდისთვის პასუხის მოსმენის შემდეგ ხმამაღლა განუცხადებია ,,да такайвший украшение класса!”.. 
ქუთაისში ეზიარა ექვთიმე მაშინდელ თანადროულობას. იგი იხსენებს: ,,აქაურმა თეატრმა თბილისიდან ჩამოსული მსახიობებით აიდგა ფეხი. ვასო აბაშიძე,კოტე მესხი,ლადო მესხიშვილი და სხვები აქ მართავდნენ სპექტაკლებს აკაკი წერეთლის რეჟისორობით და ჩვენ გიმნაზიელები – დავდიოდით თეატრში.
ექვთიმე თაყაიშვილი და ნიკო მარი თანამოაზრენი იყვნენ. მათ გადაწყვეტილი ჰქონდათ,პეტერბურგში ისეთი ფაკულტეტი შეერჩიათ,რომელიც ,,უფრო იყო საჭირო საქართველოსთვის”…
ექვთიმე თაყაიშვილმა 1883 წელს ქუთაისის გიმნაზია ვერცხლის მედალზე დაამთავრა. წარჩინებული დიპლომის მფლობელს ეკუთვნოდა კავკასიის სასწავლო ოლქის სტიპენდია და მოსკოვის უნივერსიტეტში აგზავნიდნენ… მაგრამ ექვთიმეს სწავლის გაგრძელება პეტერბურგში სურდა ,რადგან ისტორიას იქ უკეთ ასწავლიდნენ, თან დიდი სურვილი ჰქონდა დასწრებოდა აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის ლექციებს.
გიმნაზიის დირექტორის ა.სტოიანოვის შუამდგომლობით ექვთიმე თავისი სტიპენდიით პეტერბურგში ხვდება.
1883წ. სექტემბერში ექვთიმე ჩაირიცხა პეტერბურგის ისტორიულ–ფილოლოგიურ ფაკულტეტზე, მას სულ ჰქონდა 700 მანეთი და სტიპენდია. ეს თანხა უნდა გამოეზოგა მას სტუდენტობის წლებში და სამსახურის ჯამაგირამდე.!
ექვთიმე პეტერბურგში გაემგზავრა თანაგიმნაზიელ ვანო გურულთან ერთად. ეს უკანასკნელი უზრუნველყოფილი იყო ხარჯებით, თუმცა ერთი კურსის გავლას 2 წელი ანდომებდა,რაც შეეხება ექვთიმეს იგი წარმატებით გადადიოდა კურსიდან კურსზე, ვერც არდადეგებზე ჩამოდიოდა სამშობლოში, მხოლოდ ერთი ზაფხული გაუტარებია თბილისში.
მეორე კურსზე იყო ექვთიმე,როცა 1884 წ. ნიკო მარი მოეწყო აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე. სიყრმის მეგობრები, მართალია ერთ ფაკულტეტზე არ იყვნენ,მაგრამ ერთად აღამებდნენ ბიბლიოთეკაში, იკრიბებოდნენ ნიკო მარის ბინაზე და იმეორებდნენ დადებულ პირობას – უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე ჩამოსულიყვნენ საქართველოში და ემსახურონ მშობელ ხალხს.!!
ლიხაურელი ახალგაზრდისთვის რუსეთის იმპერიის სატახტო ქალაქში ცხოვრება ბევრს ნიშნავდა, ექვთიმე იხსენებდა: ”მე იმთავითვე უსათუოდ მინდოდა პეტერბურგის უნივერსიტეტში შესვლა, რადგან პეტერბურგი უფრო ევროპული ქალაქი იყო, ვიდრე მაგალითად, მოსკოვი.” აქ მიიღო აკადემიური განათლება, გაეცნო ჩვენ დიდ მამულიშვილებს – ი. ჭაჭავაძეს, ვაჟა–ფშაველას…
პეტერბურგის სახელმწიფო ისტორიულ არქივში დაცულია სტუდენტ ექვთიმე თაყაიშვილის პირადი საქმე, რომელშიც დევს განცხადებები პეტერბურგში ცხოვრების ნებართვისა და საზაფხულო არდადეგებზე პავლოვსკში, ერთხელ თბილისში და ერთხელაც სხვაგან საზაფხულო არდადეგების დროს გასვლის შესახებ.
1887 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა წარმატებით ჩააბარა სახელმწიფო გამოცდები, იმავე წელს , ზაფხულში კანდიდატის ხარისხი დაიმსახურა.
ექვთიმე წერს: ,,კანდიდატის ხარისხი რომ მოეცათ, ყველა საგანში ხუთიანი უნდა მიგეღო სახელმწიფო გამოცდებზე.” მან წარმატებით შეისრულა მიზანი.
ნ. მარი პეტერბურგში დარჩა. მან ერთი წლის შემდეგ დაასრულა სწავლა, თბილისში გადმოსვლას რომ აპირებდა, თაყაიშვილმა მისწერა: ”ფეხი არ მოიცვალო პეტერბურგიდან, შენი ადგილი მინდაა, აქ მე დამიპირეს გაფუჭება, და შენ სიფიცხეს უფრო არ აიტანო!..”
მოგვიანებით ექვთიმე თავის სიყრმის დროინდელ მეგობარზე სიამაყით წერს: ” ნიკო მართლა მსოფლიო მნიშვნელობის მეცნიერად გამოიზარდა და გააცნო საზღვარგარეთს ქართველი ერის კულტურა, რასაც, რაღა თქმა უნდა, თბილისში მოღვაწეობით ნაკლებად შეძლებდა…”

საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი - კინომოთხრობა




ქართველი ხალხის შენამოქმედი უცხო მიწაზეც არაერთხელ ქცეულა ღირსსახსოვრად მოვლენად.
  დღეს ,,გრანპალედ" წოდებული პარიზის დიდი სასახლეა ჩვენი მაპინძელი.
  ,,ოქროს ვერძის ქვეყნის - საქართველოს სიძველენი", - ამჯერად ასეთი სათაურითაა მონათლული ,,გრანპალეს" საგამოფენო აფიშა...
  გამოფენის მომწყობი მადამ გაბორი სტუმრებს აცნობს ქართული კულტურის როლს მსოფლიო კულტურის დიდ საგანძურში.
 ქალბატონი გაბორიც იმეორებს უცხოეთის მეცნიერთა შორის უკვე საყოველთაოდ დამკვიდრებულ აზრს, რომ დასავლეთ ევროპისა თუ მახლობელი აღმოსავლეთის შუა საუკუნეების ხელოვნების სრულყოფილი განხილვა შეუძლებელია ქართული ხელოვნების შესწავლის გარეშე. და ბოლოს, გამოფენის დიასახლისი სტუმრებს უყვება გასაოცარ და ხიფათიან თავგადასავალს, - ქართული საგანძურს რომ გადახდა ნახევარი საუკუნის წინ ფრანგულ მიწაზე, იმ საგანძურს, ახლა რომ ასე მშვიდობიანად ეწვია პარიზს.

ბათუმი. 
1921 წელი.

საქართველოს იმდროინდელმა ლტოლვილმა მთავრობამ გადაქყვიტა უცხოეთში გახიზნულიყო და სახელმწიფო ხაზინასთან ერთად თან წაეღო სამუზეუმო ეროვნული განძიც.
  ეროვნული განძის მეთვალყურედ დაინიშნა ექვთიმე თაყაიშვილი, სახელმწიფო ხაზინის გამყოლად კი - ყფილი ფინანსთა მინისტრი იოსებ ელიგულაშვილი.
  თბილისიდან ჯერ ქუთიასში და მერე ბათუმში რის ვაივაგლახით ჩამოტანილი განძი საფრანგეთის კრეისერ ,,ერნესტ რენანზე" დაბინავდა , მაგრამ კაპიტანმა პირობა დაარღვია, დანიშნულ დროზე ადრე ასწია ღუზა, განძია გამცილებლებს არ დაელოდა და კონსტანტინოპოლისკენ გაეშურა.
  ნავსადგურში მისულმა ექვთიმე თაყაიშვილმა თვალი ძლივს მოჰკრა უკვე შუა ზღვაში გასულ გემს...  კატერით გამოეკიდნენ კრეისერს, მაგრამ ამაოდ.ისევ ნაპირზე დაბრუნდენ და მოგვიანებით იუგოსლავური პატარა გემით გაემგზავრნენ კრეისერის კვალდაკვალ. მალე ისეთი ღელვა დაიწყო, რომ კაპიტანმა გემის გადაღცენის იმედი დაკარგა და მგზავრებს გამოუცხადა, “მაშველი ფრთები” შეიბითო. ექვთიმეს წუხილი გაათმაგდა; ამ ღელვაში განძი ხომ საფრთხეშია და ვაითუ მგზავრობას ვერ გაუძლოს ნინომაც, -ექვთიმეს მეუღლემ, თან რომ მიჰყავს ახლა უცხოეთში. ღელვა დღენახევარს გაგრძელდა. ბოლოს დაცხრა და დამშვიდდა ყოველი… კრეისერი “ერნესტ რენანი” სტამბოლში დახვდათ, მაგრამ კავკასიაში საფრანგეთის უზენაესი კომისარის – აბელ შევალიეს – განკარგულებით ქართული განძი კრეისერიდან მეორე ფრანგულ სამხედრო-სატრასპორტო გემზე “ბეინ პოაზე” გადაიტანეს. დიდ ბედნიერებად თვლის ექვთიმე, რომ მას მეუღლითურთ და იოსებ ელიგულაშვილის განძთან ერთად მგზავრობის ნება დართეს. “ბიენ ჰოა” საფრანგეთამდე გზას დიდ დროს მოანდომებს; – დავალება რთული აქვს: – მრავალი ნავსადგური უნდა მოიაროს, საფრანგეთისა თუ მისი მოკავშირეების დაჭრილი ჯარისკაცები და ავადმყოფები მოაგროვოს მარსელის ლაზარეთებში ჩასაყვანად… მატარებლითა და გემებით თვენახევრის ნახეტიალებმა საუნჯემ ბოლოს მარსელის ნავსადგურს მიაღწია. განძი გემიდან ბანკში გადაიზიდა – “ენეგალის პოლკად” წოდებული სამხედრო რაზმით ალყაშემორტყმული და დაცული… ექვთიმე მეუღლითურთ პარიზს გაემართა.
  პირველი წელი ექვთიმემ ვიქტორ ჰიუგოს პროსპეკტზე იმ შენობაში გაატარა, რომელსაც ქართული დელეგაციის ოტელსაც ეძახდნენ.პირველივე დღიდან, დღეჩაუგდებლად შეუდგა ექვთიმე თავისი ცხოვრების ფრანგული პერიოდის მოღვაწეობას. ხვდებოდა ფრანგ მეცნიერსბსა და ანტიკვარებს, ხშირად აღამებდა პარიზის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში...
  ექვთიმეს პარიზის არცერთი ტაძარი და მუზეუმი არ დაუტოვებია უნახავი და შეუსწავლელი. პირველი 13 წელი მშვიდობიან წლებად ითვლება, მაგრამ ამ პერიოდში ბევრი საფრთხე და ცდუნებაც გაჩნდა განძთან დაკავშირებით. ამერიკიდან ფილადელფიის საერთაშორისო გამოფენამ თხოვნით მიმართა ემიგრანტულ მთავრობას , რომ ნება დაერთოთ 6 თვით გამოეფინათ ამერიკაში ქართული სიძველენი. ალბათ ამიერკავკასიელებისთვის მოულოდნელი იყო ქართველების უარი ასეთ თითქოსდა სახარბიელ წინადადებაზე. ქართული განძის გამოფენის უფლებას თხოულობდა ლუვრიც (პარიზის მთავარი სახელმწიფო მუზეუმი). დიდად საამაყო იქნებოდა მსფლიო მუზეუმთა შორის უპირველეს მუზეუმში ქართული ხელოვნების ნიმუშების საერთაშორისო გამომზეურება, მაგრამ ამით შეიძლება საქართველოს საბოლოოდ დაჰკარგვოდა თავისი საუნჯე.და ლუვრმაც საბოლოოდ უარი მიიღო ქართველებისგან... ბრიტანეთის  მუზეუმმა პარიზში გამოგზავნა ცნობილი ქართველოლოგი უილიამ ალენი. მუზეუმის თხოვნა თითქოს მოკრძალებული იყო და მაცდუნებელიც. მუზეუმს სურდა ახალგორის განძიდან ერთი რომელიმე ნივთის შესყიდვა. სანაცვლოდ პირობას იძლეოდნენ,  რომ უსასყიდლოდ დასტამბავდნენ მთელი ჩვენი საუნჯის   ფერად კატალოგებს და, გარდა ამისა, ბანკში მიბარებული გაძის შესანახ თანხასაც თავად გადაიხდიდნენ. ბრიტანეთის მუზეუმის დესპანი ალენიც უარით იქნა ლინდონში გასტუმრებული. ახალგორის განძი - ჩვენს წელთაღრიცხვამდე  შექმნილი საოცრება ჩვენი საუნჯის მშვენებად ითვლება დღესაც. ეს განძიც , ჯერ კიდევ საქართველოში, ექვთიმე თაყაიშვილმა გადაარჩინა. ის შემთხვევით აღმაჩინეს გლეხებმა ქსნის ხეობაში, ერთმანეთში დაინაწილეს და ზგი რამ გაყიდეს სხვადასხვა მხარეში.პირადად ექვთიემს დაუღალავი ძიების წყალობით მოხერხდა ამ გაძის თავიდან მიკვლევა, შეგროვება, გამოსყიდვა და კავკასიის მუზეუმისთვის გადაცემა.
  პარიზიდან ექვთიმე სოფელ ლევილში გადასახლდა. ამ სფელში შეიძინა ქართულმა კოლონიამ ,,შატოდ" წოდებული შენობა და მცირე მამული. მალე ლევილის კერამ საკუთარი, ქართული სასაფლაოც გაიჩინა. ყველაზე დიდი ცდუნება გაჩნდა ყველა სხვა ცდუნებაზე ადრე, როცა პარიზში ჩამოვიდა ნიუ - იორკის მეტროპოლიტენ - მუზეუმის დირეკტორი, ამ განძში მეტად დიდ თანხას იძლეოდა,  თუ ქართველები ჩვენ ტიხრულ მინანქრებს მისყიდიდნენ მუზეუმს...
  დირექტორს უყოყმანოდ ეთქვა უარი...
  ლაღობს პარიზში - ცდუნებით სავსე ქალაქი. ამ უსასრულო დღესასწაულის შემხედვარე, სიდუხჭირეში ცხოვრობს ლტოლვილი კაცი, რომელსაც ერთ დღეში შეუძლია გახდეს უმდიდრესი ადამიანი. იმ ხნათ საფრანგეთის ნუმიზმატთა   (ძველი ისტორიული მონეტების ლითონის ფულის კლექციონერი) საზოგადოების დიპლომირებულ წევრს უძვირფასესი ნუმიზმატიკური კოლექცია აქვ  ს, რაც მის პირად საკუთრებას შეადგენს. საკმარისია სულ რამდენიმე ისტორიულ მონეტას შეელიოს , ერთბაშად გახდეს დიდი თანხის მფლბელი. დაიწყება უზრუნველი ყოფა და მისი მშვენიერი ნინოც ღირსეულად ეზიარება გაფაქიზებულ ცხოვრებას. ვინ გაამტყუნებს? მაგრამ მას წმინდანობის მოწამებრივი გზიდან გადახვევა არ შეუძლია. მას ურჩევნია დილდილობით ისევ აძოვებდეს თავის მარჩენალ ფრანგულ თხას, რომლის რძე მისთვის და ნინოსთვის არაერთხელ ყოფილა ერთადერთი საკვები მთელი დღის განმავლბაში.

1932 წელი 

,,ჩემო ძვირფასო, რაღა მოგწერო! გონებით მინდა დავმშვიდდე, მაგრამ გული არ მემრჩილება, ნინო აღარ მყავს!...
-სწერდა ექვთიმე თაყაიშვილი პარიზიდან თბილისში მეგობარს.
  1933 წელი.  ქართული ლეგაცია გაუქმდა, - საქართველოს ყოფილი მთავრობა არრსებულად გამოცხადდა. ოცდათოთხმეტი წლის მარტი. ქართულ საუნჯეს იმ დღს დაემუქრა უდიდესი საფრთხე.
  ცნობილი ქართველი მოჭადრაკის ანდრია დადიანის ძმას, ,,მინგრელსკით" წოდებულ სამეგრელს მთავარს, ნიკო დადიანს, ვაჟის გარდა ასულიც დარჩა , - სალომე დადიანი - ობოლენსკინა.
  ემიგრაციაში მყოფმა სალმე დადინმა, იმ ხნად უკვე ობოლენსკის ქვრივმა, სარჩელი შეიტანა სენის დეპარტამენტის სასამართლოში. ის მოითხოვდა საფრანგეთში გადატანილი ქართული საუჯის იმ ნაწილს, რომელიც ერთ დროს მისი საგვარეულო განძი იყო.

 ქართველებმა სასამართლოში წარადგინეს დამფუძნებელი კრების 1920 წლის დეკრეტი,  რომლის ძალითაც თავად ნიკოლოზ მინგრელსკის მოძრავი და უძრავი ქონება საქართველოს რესპუბლიკის საკუთრებად გამოცხადდა. ამდენად. სალომე ობოლენსკაია ახლა თხოულობდა იმას, რაც უკვე ეროვნულ სამუზეუმო განძად იქცა.
  ობოლენსკაიას მიერ ამ პროცესის მოგება ნიშნავდა საქართველოს ეროვნული განძის მნიშვნელოვანი ნაწილის საბოლოოდ დაკარგვას. ექვთიმეს და სხვა ქართველთა სასიხარულოდ სასამართლომ იურიდიულ საბუთად  ცნო ოცი წლის დეკრეტი და სალომე დადიანს უარი ეთქვა ... მაგრამ სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა. ამ საზჩივარმა ფრანგებს გაახსენა მარსელში მიბარებული განძი, რომლის შენახვის თანხა გადაუხდელი  აღმოჩნდა და სასამართლომ ქართულ განძეულს ყადაღა დაადო. საუნჯით დატვირთული ყუთები 
მარსელიდან პარიზში-საფრანგეთის ბანკს ჩაბარდა... რადგან ეს განძი ბანკში საქართველოს იმ მთავრობის სახელზე იყო შეტანილი, რომელიც არარსებულად გამოცხადდა, ქართული საუნჯე რუსეთის ყოფილი იმპერიის საკუთრებად იქნა მიჩნეული - და მისი გამგებლობა დაეკისრა ფრანგ მოხელეს პიერ ჟოდონს, რომელსაც უკვე ებარა რუსეთის ე.წ. "უპატრონო ქონება"                                     
  დაიწყო განძისთვის ბრძოლის ახალი და ურთულესი ჟამი. საჭირო იყო, რომ ექვთიმეს ჰქონდა რაიმე სახის რწმუნება, თუნდაც ფორმალური. 1935 წლის აპრილში მისი თხოვნით საქართველოს ყოფილმა მთავრობამ მიიღო დადგენილება:"ბატონ ექვთიმე თაყაიშვილს უფლება აქვს მიიღოს ის ზომები, რომელსაც საჭიროდ დაინახავს ამ ქონების დასაცავად, ხოლო მის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე თვითონ იქნება სრული პასუხისმგებელი აღნიშნული ქონების მეპატრონეთა და საქართველოს წინაშე ".
  დაიწყო ექვთიმეს კარდაკარ სიარული თხოვნებითა და განცხადებებით. იცვლებოდნენ საფრანგეთის მთავრობები და იცვლებოდნენ ექვთიმეს განცხადებათა ადრესატებიც...
 წერილებს გზავნის საქართველოში, იღხავს საქართველოს ჩარევას და სუამდგომლობას. საქართველოდანაც ყველა ღონეს ხმარობენ დახმარებისთვის, მაგრამ განძის გადარჩენას პირი არ უჩანს. ამ დროს ჰიტლერიზმი უკვე მზადდებოდა ევროპაში და მალე კიდეც დაიძრა ცეცხლით და მახვილით. საფრანგეთის რესპუბლიკა იძულებულია ომი გამოუცხადოს გერმანიას. იტალია ომს უცხადებს საფრანგეთს. პარიზი დღე-დღეზე ელის გერმანელთა შემოჭრას. დარღვეულია ყოველგვარი სულიერი წონასწორობა და ამ ამღვრეულ დღეებში ერთი ლტოლვილი ხეიბარი მოხუცი ნარშეუხრელად განაგრძობს თავის მოწამებრივ ცხოვრებას - ეძიებს და პოულობს ქართულ ისტორიულ ნივთებს, თავად მოშიერ-მწყურვალი რის ვაი-ვაგლახით ახერხებს მათ შეძენას ანტიკვარებისაგან, ემიგრანტი თანამემამულეებისაგან და ამდიდრებს ეროვნულ საუნჯეს, რომლის სამშობლოში დაბრულების იმედი დღითიდღე ილევა და იწურება. ჰიტლერები მოითხოვენ ქართულ განძს გერმანიაში გასატანად. ჟოდონი არწმუნებს მათ, რომ მან არ იცის განზის ადგილსამყოფელი. გერმანელები დახვრეტით ემუქრებიან ჟოდონს. ქართველებთან უკვე დამეგობრებული შესანიშნავი ფრანგი მოქალაქე პიერ ჟოდონის სახელით საიდუმლოდ უკავშირდება ექვთიმე თაყაიშვილს და ატყობინებს, რომ ის ნივტები მხოლოდ საქარტველოსთვის სეიძლება იყოს მნიშვნელოვანი და რომ ისინი სხვათათვის არავითარ ზოგად ფასეულობას არ წარმოადგენენ.და ბოლოს ჟადონისა და ქართველების მიერ დიდად სარისკო გადაწყვეტილება იქნა მიღებული: ოკუპირებულ პარიზში ბანკიდან ჩუმად გამოიტანონ ქართული საუნჯე და საბარგო ეტლით წაიღონ ვერსალში.
  საკმარისი იყო გზად გერმანელთა პატრულები დაინტერესებულიყვნენ საბარგო ეტლის ტვირთოთ, საქართველოს სამუდამოდ დაეკარგებოდა მისი საგანძური და ჟოდონსაც დახვრეტა არ ასცდებოდა.აი აქ ვერსალის ნაციონალური ბიბლიოთეკის სარდაფში ჩაზიდეს ყუთები და ქვაღორღიანი ნაგავი მიაყარეს ... 
  გერმანელები განაგრძობდნენ ქართული საგანძურის ძებნას, მაგრამ არცერთ ქართველს არ გაუცია საიდუმლო...
  1994 წლის 19 აგვისტოს პარიზში იფეთქა აჯაყებამ. ამ აჯაყებაში არაერთი ქართველი იღებდა მონაწილეობას...
 საფრანგეთსა და საბჭოთა კავშირ შორის აღდგდ დიპლომატიური ურთიერთობა და პარიზში აღდგა საბჭოთა საელჩო. შარლ დე გოლი 1994 წლის 23 ნოემბერს განკარგულებას გასცემს ქართული განძეულის საქართველოში დაბრუნების შესახებ..  მალე ექვთიმესთან ერთად განძს ჩაიბარებენ თბილისიდან მივლინებული პეტრე შარია , შალვა ამირანაშვილი და პარიზის აეროდრომიდან აფრინდება ქართული საუნჯით დატვირთული ორი თვითმფრინავი...
  განძს მცველად გაჰყვებიან ყოფილი ტყვეები - თეიმურას შავდია და ნიკოლოზ მელაძე.
  აღსრულდა !
  უკან დარჩა შვიდგზიანი გზა - შორი და მოვლითი : რომი , ბენგაზი, ქაირო და თეირანი. თვითმფრინავი მალე თბილისის აეროდრომზე დაეშვება. პარიზში გამოფრენის წინ, ყველას ისეთი შთაბეჭდილება შეექმნა, რომ ექვთიმე სამშობლოში დაბრუნებას აღარ აპირებდა... იფიქრეს, იქნებ ნინოს საფლავის მიტოვება ეძნელებოდა, ანდა ის რომ ღრმად მოხუცებლს პირველად მოუხდა თვითმფრინავით მგზავრობა ?!
 ბოლოს ექვთიმე გაუბედავად გამოტყდა : -  ,, წარსდგა მშიერი და ვერა ტიტველიო "
და მაშინღა მიხვდნენ , რომ ძველისძველ სამოსშემოფლეთილ მეცნიერს ეთაკილებოდა საქართველოში ასე გლახაკივით ჩამოსვლა. 
  გერმანელებისგან გაძარცვულ პარიზში შესაფერისი სამოსი ვერ უშოვეს და მხოლოდ გზად - ქაიროში - შეუკვეთეს ტანსაცმელი ...


                                                                                              გაზეთი ,,ქართული ფილმი "
                                                                                                                           
                                                                                                                          1993 წ.
                                                                                                     
                      

ექვთიმე თაყაიშვილის ხსენების დღე !





წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი.



ექვთიმე თაყაიშვილი. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ექვთიმე თაყაიშვილის პირადი არქივის განახლებული კატალოგის გამოცემას გეგმავს. "მოამბის" სიუჟეტი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.


რეზო თაბუკაშილი - ექვთიმე თაყაიშვილი !!!